ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და აპირებს პროკურატურას გამოძიების თაობაზე მიმართოს. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით წერეთელმა თეა წულუკიანის უწყებას შენგელიასთვის შეჩერებულ სანოტარო სისტემებზე წვდომის აღდგენა 1 ივლისს დაავალა, თუმცა, სამინისტროს გადაწყვეტილება არ შეუსრულებია და შენგელიას სანოტარო სისტემებზე წვდომა კვლავ შეზღუდული აქვს.
„იუსტიციის სამინისტრო, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი, არ ასრულებს სასამართლო ხელისუფლების მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას. უკვე მესამე დღეა, წარვადგინე აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში, რომლითაც დადგენილია, რომ ჩემთვის უნდა მოხდეს შესაბამისი პროგრამების ჩართვა და მე უნდა მომეცეს წვდომა სანოტარო რეესტრში და დავიწყო მუშაობა. თუმცა იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს ნებაყოფლობით ამ გადაწყვეტილებას და იძულებული გავხდი, რომ იძულებით სააღსრულებო პროცედურებს მივმართო.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და თუ უახლოეს დღეებში არ იქნება აღსრულებული ეს გადაწყვეტილება, მე მივმართავ პროკურატურას სისხლის სამართლის კოდექსით, გამოძიების დაწყების თაობაზე“ – აღნიშნა შენგელიამ.