“საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებს, რომელიც მედიას ეხება, ანალიტიკოსთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა გარკვეული ნაწილი კრიტიკულად აფასებს. გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი დიდ ყურადღებას საჭიროებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა “მეტრონომთან” განაცხადა, რომ მარეგულირებელ კომისიას შეუძლია კვლევის სანდოობის გადამოწმება უფრო მსუბუქი ფორმით, მაგალითად, როგორიცაა კვლევაში მონაწილეთა რაოდენობის დადგენა, თუმცა, კვლევაში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება სახელისა და გვარის დონეზე, მომავალში რეალური კვლევების ჩატარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
“საარჩევნო კოდექსის” ცვლილებათა პაკეტი რამდენიმე სხვადასხვა კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. ცვლილების თანამხად, გამკაცრებულია რეგულაციები სოციოლოგიური კვლევის დამკვეთების მიმართ, მათ შორის თუ დამკვეთი მედიაორგანიზაციაა. ამასთან, მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა შესაბამისი (რეკლამის დამკვეთი) სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა, ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად.
აკრძალულ შემოწირულობად იქნება მიჩნეული დაუსაბუთებელი შემოსავლით გაკეთებული შემოწირულობაც. ამის საფუძვლზე კი, როგორც ნატროშვილი განმარტავს, მარეგულირებელი კომისია იტოვებს უფლებას, მაუწყებლისგან გამოითხოვოს ყველა მასალა, რომელიც უშუალოდ ამ კვლევას შეეხება.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის “მეტრონომი” მარეგულირებელ კომისიას დაუკავშირდა, თუმცა, დასმული კითხვის შემდეგ, ტელეფონი გაგვითიშეს.
კანონში საბოლოოდ შეტანილ ჩანაწერს კი ლევან ნატროშვილი ბუნდოვანს და გაუგებარს უწოდებს. მისი თქმით, თავის დროზე მარეგულირებელმა კომისიამ ეს ბერკეტი ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის წინააღმდეგ ცუდად გამოიყენა, როდესაც მოითხოვა კვლევაში მონაწილე პირთა პერსონალური მონაცემები.
“ეს ისედაც მოქმედი იყო და გასულ წლებში, რუსთავი-2-ის წინააღმდეგ მარეგულირებელი კომისიის მიერ ცუდად იქნა გამოყენებული – კომისია განმარტავდა, რომ დამკვეთი, მედიაორგანიზაცია ვალდებული იყო უზრუნველყო ამ კვლევის შესაბამისობა რეგულაციებთან. ამისთვის გამოითხოვა მედია-ორგანიზაციისგან ყველა მასალა – რესპოდენტების სახელები, გვარები, პასუხები კითხვებზე და ა.შ. ეს რისკის მატარებელია, რომ კვლევა დადგეს საფრთხის ქვეშ და საერთოდ არ ჩატარდეს. თუ რესპოდენტს ეცოდინება, რომ მის პასუხებს სახელმწიფო უწყება ნახავს, გულწრფელი აღარ იქნება მითითებული პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო. ამ მხრივ საკმაოდ ბევრი პრობლემაა“ – თქვა “მეტრონომთან” ლევან ნატროშვილმა.
ამის შესახებ კომენტარი უკვე გააკეთა განათლების ყოფილმა მინისტრმა გია ნოდიამ სოციალურ ქსელში. მისი თქმით, გასაკვირია, რომ ამ საკითხზე არ არის ატეხილი აჟიოტაჟი, რადგან ეს უნდა იყოს სერიოზული განსჯის საგანი.
“ძალიან მიკვირს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე განგაშის ზარები არ არის ატეხილი. პარლამენტმა მიიღო ცვლილება კანონმდებლობაში, რითაც მთავრობას, დღევანდელი მდგომარეობით, პირადად ბიძინა ივანიშვილს, მიეცა ბერკეტი, ზეწოლა მოახდინოს სოციალურ მკვლევარებზე, ვინც სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს. ამ ცვლილებით, მთავრობამ შეუძლია აკონტროლოს, რამდენად „კეთილსინდისიერად“ ჩაატარა ვიღაცამ სოციოლოგიური გამოკითხვა. რა მთავრობის საქმეა ეს? რა იცის მთავრობამ, რას ნიშნავს „კეთილსინდისიერება“ კვლევებში? პრაქტიკულად, ამით მთავრობა კვლევებს ვერ აკრძალავს, მაგრამ მკვლევარები შეიძლება ისეთ დღეში ჩააყენოს, რომ მათ ფიქრი დაიწყონ: ღირს კი საერთოდ პოლიტიკოსებზე კვლევების ტარება? იქნებ გავერიდოთ შარს და უფრო უსაფართხო რაღაცეები ვიკვლიოთ? ან ისეთი შედეგები ვაჩვენოთ, რომელიც მთავრობას მოეწონება” – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, 2 ივლისს პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსის” ცვლილებათა პაკეტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები რამდენიმე სხვადასხვა კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, მაუწყებლის შესახებ კანონში, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში და სხვა.
თამარ შუკვანი