6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ, – მათ პირბადეებით შესვლა ევალებათ, თუმცა პირბადის მოხსნა საგამოცდო სივრცეში შეეძლებათ. თუკი საგამოცდო ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მეთვალყურეს ექნება კონდიციონერის ჩართვის უფლება.
ამასთან, რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ, გაივლიან დეზობარიერს და დაცული იქნება დისტანცია, როგორც ეზოში, ასევე დერეფანში. საგამოცდო ცენტრებში ყველა მერხის წინ განთავსებული იქნება გამჭვირვალე ფარი.
“კვლავ რეკომენდებულია პირბადის ტარება, აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს შესაძლებლობა აქვთ ის მოიხსნან უშუალოდ მუშაობის პროცესში. ყველა სხვა აქტივობისას – იქნება ეს რეგისტრაცია, კომუნიკაცია, საპირფარეშოში გასვლა, მათ უნდა ეკეთოთ პირბადე. თუ საგამოცდო ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მეთვალყურეს ექნება კონდიციონერის ჩართვის უფლება, ოღონდ ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა უნდა გაიკეთონ პირბადე,” – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ.