საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ნორმას შეიძლება მოუძებნო გარკვეული მხარე, რომელზეც შეიძლება თქვა, რომ ეს არის ხარვეზი. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან, აშშ-სგან პოზიტიური გამოხმაურება ბუნებრივია.
“ბუნებრივი იყო პოზიტიური გამოხმაურება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის პროცესი, რაც დღეს დაიდო საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ყურადღებით დააკვირდებიან და მთავარი პასუხისმგებლობა აქ მოდის ხელისუფლებაზე , თუმცა, მხოლოდ ხელისუფლებაზე არა, ჩვენი ოპონენტი პარტიებიც უნდა იღებდნენ პასუხისმგებლობას, რომ მათ შეასრულონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ნორმა ზედმიწევნით,” – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის საელშო საქართველოში პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღება მოულოცა და ამავე დროს აღნიშნა, რომ კანონში კვლავაც რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი:
“ჩვენი აზრით, დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება და COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესებისადმი ამ შემოდგომაზე,” – წერია საელჩოს განცხადებაში.