ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 94 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ერთი წავიდა.

ცვლილებები ეხება გენდერული კვოტირების საკითხსაც-  სავალდებულო ხდება პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის შეყვანა ანუ თუ პარტიას ყოველ ოთხეულში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი არ ეყოლება, ის რეგისტრაციას ვერ გაივლის. ასევე, ცვლილებებით განისაზღვრება საარჩევნო დღეს, კოორდინატორების საქმიანობის სპეციფიკა  – კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც დაექვემდებარება ჩამოხსნას, დემონტაჟს, აღებას. გარდა ამისა, აიკრძალება 25 მეტრის რადიუსში ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.

ცვლილებებით, აკრძალული იქნება კენჭისყრამდე რვა საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, აგრეთვე საარჩევნო მიზნებით ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ადაუშვებელი იქნება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი სარეკლამო რგოლის მაუწყებელთა ეთერში განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს მოემსახურება.

იცვლება პარტიების დაფინანსების წესიც. კერძოდ, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის – 15 ლარს, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის – 5 ლარს.

100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის მოსყიდვა კი სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. ზემოთ აღნიშნულის გარდა, დაუშვებელი იქნება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრად პოლიტიკური პარტიის მიერ იყო დანიშნული.

იტვირთბა....