რუსეთი საქართველოს ტერიტორიის მიტაცებას აგრძელებს. ოკუპანტებმა ჩვენი ტერიტორიის კიდევ 243 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიისაკუთრეს. ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა “მეტრონომთან” საუბრობს. როგორც მან თქვა, საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ პერევში, მდინარე გებურის მეორე მხარე 2014 წლიდანაა მიტაცებული და ამის თაობაზე ინფორმაციას ხელისუფლება უკვე 6 წელია მალავს.
ამის საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განგვიმარტეს, რომ სოფელ პერევის მიმდებარედ არსებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შესახებ ცენტრალური ხელისუფლება პერმანენტულად ახდენს საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას.
როგორც ქაცარავა “მეტრონომს” უყვება, მდინარე გებურის მხარეს გადასვლას ადგილობრივები ერიდებიან, რადგან იციან, რომ ეს მონაკვეთი უკვე ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიად ითვლება.
ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით ქაცარავა აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რუსებმა 2 ადამიანი სწორედ ამ ტერიტორიიდან გაიტაცეს და მას შემდეგ, მდინარე გებურის მეორე მხარეს გადასვლა ოკუპანტების ხელში ჩავარდნას ნიშნავს.
“ჩვენ ვიყავით ჩასული პერევში. ამ ეტაპზე ვპატრულირებთ ჩორჩანა-პერევის ტყის მასივში, რომლის მონიშვნა მიმდინარეობს, – მოსამზადებელი პროცესი “ბორდერიზაციისთვის.” ეს გახლავთ ის ტერიტორია, რომელიც არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის “ადმინისტრაციულ საზღვრებში” და ახლა ეს ტერიტორია მონიშვნის ხარჯზე არის მიტაცებული.
ჩავედით პერევში და პირველ რიგში მივადექით ადგილობრივ მოსახლეობას, მათზე უკეთესად კი ადგილობრივი პრობლემები არავინ იცის. ერთ-ერთ ოჯახში ვიყავით, სადაც დავუსვით კონკრეტული კითხვა, თუ პერევის ტყის რომელ მონაკვეთში ვერ ახერხებენ გადასვლას, – ომის შემდგომი კონკრეტული პერიოდი იგულისხმება, რაზეც მივიღეთ კონკრეტული პასუხი, რომ 2014 წლიდან მდინარე გებურის იქით ვერ გადადიან, რადგან ეს ნიშნავს ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას.
2014 წელსვე მომხდარა ორი ადამიანის გატაცება, რის შემდეგადაც მოსახლეობას განემარტა, რომ მდინარე გებურის იქით გადასვლა არის უკვე საფრთხის შემცველი და იქ პატრულირებელ რუსი ოკუპანტები. ამ მონაცემებზე დაყრდობით გადავთვალეთ ის ფართობი და მკაციოდ ჩანს რა ტერიტორიაა წართმეული. ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს .წ. ახალი ოკუპაციის ხაზს. გამოთვლით გამოვიდა, რომ 243 ჰექტარი მიწა არის ოკუპირებული.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები დაიმალოს. საზოგადოებას არ მიეწოდოს ადეკვატური და რეალური ინფორმაცია მიმდინარე “ბორდერიზაციასთან” დაკავშირებით. ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში ცდილობს, რომ როგორღაც იგნორირება გაუკეთოს ჩვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც 99%-ით გამყარებულია თავისი ჯიპიეს-კოორდინატებით, ფოტო-ვიდეო მასალით. ამ შემთხვევაში ეს ემყარება ადგილობრივი მოსახლეობის მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ძალიან რეალისტურია და კითხვებს არ იწვევს” – თქვა “მეტრონომთან” ქაცარავამ.
ჩვენ დავუკავშირდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ 2018 წელს გამართული მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმება და სოფელ პერევის მიმდებარედ განლაგებული პოლიციის საგუშაგომ გადაიწია რამდენიმე ასეული მეტრით წინ.
“საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მიმდებარედ არსებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესისა და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების შესახებ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, აქტიურად გამოიყენება ცხელი ხაზი და პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
2018 წელს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერგნეთის შეხვედრაზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმება და განხორციელდა სოფ. პერევის მიმდებარედ განლაგებული პოლიციის საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით წინ, საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს, გადაწევა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმდებარედ მიმდინარე ოკუპაციის პროცესთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებბის მიზნით ცენტრალური ხელისუფლება მჭიდრო კომუნიკაციაშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, დაფიქსირებულ ინციდენტებთან და შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აქტიურდება ცხელი ხაზი” – ნათქვამია სუს-ის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.
თამარ შუკვანი