ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საზღვრები გაიხსენება, თუმცა ქვეყნების შერჩევა სიფრთხილით მოხდება.
აღნიშნული განცხადება მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, დიდი რაოდენობის ტურისტების შემოდინება ქვეყანაში ეკონომიკისთვის დადებითი ეფექტის მომტანია, თუმცა ეპიდაფეთქების რისკი იმდენად დიდია, რომ ხელისუფლება ამ რისკზე წასვლას ერიდება.
“ევროკავშირიდან ფრენები საჰაერო მიმოსვლით რა რაოდენობაც შეიძლება ჩამოვდეს, ეს არის მცირე რაოდენობა. ეს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, როცა ტურისტი არ გვყავს, მაგრამ ძალიან მცირედია იმისი, თუ რა გვქონდა შარშან და რა მოლოდინი გვქონდა წლის დასაწყისში. ეპიდემიის თვალსაზრისით რისკის კუთხით საკმაოდ მაღალი რისკია. 50 ათასი ტურისტი რომ შემოვიდეს ეს პრაქტიკულად ზღვაში წვეთია ეკონომიკისთვის, მარტო 1% დაინფიცირებული რომ იყოს, სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს, შეზღუდვებიც რომ არ დავაწესოთ და არ ვაწესებთ, გავრცელების დროს, ადამიანი თვითშეზღუდვას აწესებს. ამ შემთხვევაში, რისკი და სიკეთე მაინცდამაინც არ ბალანსდება. ეს არ ნიშნავს, რომ არ გავხსნით საერთოდ, სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, რომ ან ქვეყნები შეირჩეს სწორად, ან ტესტირება თუ სხვა უსაფრთხოების წესები ისე დადგინდეს, რომ პირველ რიგში, ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და მეორე რიგში ხელი შევუწყოთ მიმოსვლას. დარწმუნებული ვარ, შემდეგი 2 თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა”,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.