მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ევროპული საქართველოს” ხულოს, შუახევის, ქედასა და ხელვაჩაურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე იქნება. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ხულოს რაიონის სოფელ ქედლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
უგულავამ მოსახლეობას ნაკაიძე წარუდგინა და თქვა, რომ ყველა ოლქში, მათ შორის აჭარაში, მაჟორიტარობის კანდიდატად საზოგადოებისთვის ცნობილი პირის წარდგენა, მნიშვნელოვანია.
“ტარიელს კარგად იცნობთ, აქაური კაცია და მნიშვნელოვანია, ამ დიდ ოლქში იყოს ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობენ აქაც და მთელ საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც განსხვავებული ეთნიკური ჯგუფები ვცხოვრობთ. ვცხოვრობთ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები და ჩვენი ქვეყანა თანაარსებობისა და ჰარმონიის მაგალითი უნდა იყოს. ბატონი ტარიელი არის საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე. მისი საქმეა ჩვენი ქართველი მუსლიმების უფლებების დაცვა, მათ შორის, არავის უფლება უფლება არ უნდა შეიზღუდოს. ჩვენ თუ შედვგებით ქვეყნად, შევდგებით მხოლოდ მაშინ, როცა ვისწავლით ერთმანეთის პატივისცემას და განსხვავებული აზრის თუ რელიგიის გამო ერთმანეთს ყელში არ ვწვდებით. ასეთი უნდა იყოს ქვეყანა და ამ თვალსაზრისითაც, ივანიშვილი უნდა წავიდეს” – აღნიშნა უგულავა.
ტარიელ ნაკაიძემ მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, “ევროპული საქართველო” ერთადერთი პარტიაა საქართველოში, სადაც საკუთარი აზრის გამოთქმა, თუნდაც განსხვავებულის, პირდაპირ შეუძლია.
მე არ მინდა ვიყო მარტო. ესაა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მინდა ვიყო თქვენთან ერთად. მე უნდა მიმაგრებდეს ქურგს თქვენისთანა ადამიანები და ეს უნდა გამოჩნდეს არჩევნებზე” – თქვა ნაკაიძე.