ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ მოხდება 2021 წლიდან ასაკობრივი პენსიის დაანგარიშება – ახალ წესს მთავრობაში განმარტავენ

მომავალი წლიდან ასაკობრივი პენსიები წინასწარ განსაზღვრული ოდენობის ნაცვლად, ინდექსაციის წესით გაიცემა, – არსებული პენსია ყოველთვიურად ინფლაციის დონისა და რეალური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის შესაბამისად დაანგარიშდება, რომლის მიხედვითაც:

  • ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე;
  • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტი, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი;
  • მიუხედავად ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონერებისთვის 25 ლარზე ნაკლები.

თუ გასული წლის მსგავსად, 2021 წელს ინფლაციის დონე შვიდ პროცენტს შეადგენს, გამოდის, რომ არსებული პენსია 250 ლარის ნაცვლად, პენსიონერებს სახელმწიფო ინდექსაციის წესის ამოქმედების შედეგად, 267.5 ლარს გასცემს.

ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, დაახლოებით თუ რამდენით გაეზრდებათ მომავალი წლიდან მოხუცებს შემოსავალი “პრაიმტაიმმა” დაიანგარიშა.

1-ლი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება და 250 ლარი ხდება. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის 300 ლარი იქნება.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით ეძლევათ.

2018 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით საშუალო ზრდა 4.8 პროცენტი იყო. თუ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ამ მონაცემს დავეყრდნობით, სახელმწიფო საშუალოდ, 12 ლარით კიდევ გაზრდის პენსიის ოდენობას.

პენსიების ზრდა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ და სხვა ეკონომიკურმა უწყებამ იმუშავა.

იტვირთბა....