პარლამენტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 89 ხმით დაამტკიცა. წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შექმნის უფლება, 6-ის ნაცვლად, 7 დეპუტატს ექნება. ამასთან, ერთი პოლიტიკური პარტიის ან/და ერთი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ ექნებათ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.
რაც შეეხება სხვადასხვა პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატების მიერ ერთი ფრაქციის შექმნას, ამ საკითხზე პარლამენტის წევრების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა გამოითქვა. შედეგად, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები კანონპროექტში აისახა და თუკი პირველი მოსმენით წარმოდგენილი ვარიანტის თანახმად, სხვადასხვა პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს ეკრძალებოდათ ერთ ფრაქციაში გაერთიანება, მესამე მოსმენით დამტკიცებულ პროექტში ეს ნორმა ამოღებულია.
კანონპროექტის თანახმად, იცვლება ფრაქციის თანამდებობის პირთა წრე და მათი რაოდენობაც. კერძოდ, ფრაქციის ხელმძღვანელი კვლავინდებურად იქნება ფრაქციის თავმჯდომარე, ხოლო მისი მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ფრაქციის წევრთა რაოდენობის შესაბამისად. რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ფრაქციის ყოველ 15 წევრზე, ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 1 მოადგილე, ხოლო თუ მას ჰყავს ერთზე მეტი მოადგილე, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს პირველი მოადგილის სტატუსი.
წარმოდგენილი პროექტით უქმდება ფრაქციის მდივნის თანამდებობა. ასევე, ფრაქციის შექმნისას, ფრაქციის წევრები შეიმუშავებენ მხოლოდ ფრაქციის წესდებას და პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების საჭიროება აღარ იარსებებს.