ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზრდება და მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურება 250 ლარი გახდება. უწყების ცნობით, 100 ლარით გაიზრდება სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება და იგი 500 ლარს შეადგენს. ცვლილებები შეეხო ხელშეკრულების ვადებსაც.
„6 თვემდე გაზარდა სოციალური აგენტებისთვის ხელშეკრულების ვადები, ხოლო წლის ბოლოდან სოციალური აგენტების ნაწილს ერთ წლიანი, ნაწილს კი უვადო ხელშეკრულებები გაუფორმდებათ. აღნიშნული განპირობებულია მათი სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე.
ცვლილებები შეეხო და გაიზარდა სოციალური აგენტების შვებულების, იძულებითი მოცდენის და წახალისების ანაზღაურების ოდენობაც. ამ შემთხვევაში, სოციალური აგენტები ბოლო სამი თვის საშუალო ანაზღაურებას მიიღებენ. სოციალური აგენტები ფიქსირებული თანხის გარდა დამატებით ხელფასს გამომუშავებით იღებენ იმის მიხედვით, თუ რამდენ ოჯახში ახორციელებენ ვიზიტს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა.
ჩნდება კითხვა, ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი გადაწყვეტილების შემდგომ გაიფიცებიან თუ არა სოციალური აგენტები?
როგორც ცნობილია, ხვალ, 2 ივლისს სოციალური აგენტების მასშტაბური გაფიცვაა დაანონსებული. 29 ივნისს განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში, „სოლიდარობის ქსელის“ დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა შეიტანეს, რომელშიც 90 სოციალური აგენტია გაწევრიანებული. გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ჯგუფში იურისტის ჩართულობაზე უარი თქვა და სოციალურ მუშაკებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. საუბარია ჯგუფზე, რომელთანაც პრობლემების განხილვა უნდა მოხდეს. სოციალური აგენტები ხელფასის გაზრდასა და ბაზისური შრომითი პირობების შექმნას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ თუ სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა, მიმართავდნენ პროტესტის უკიდურეს ფორმას, მუშაობას შეწყვეტდნენ და გაიფიცებოდნენ.
რას ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტროსგან სოციალური აგენტები და რომელი მოთხოვნები დაკმაყოფილდა ჯანდაცვის უწყების დღევანდელი გადაწყვეტილებით?
სოციალური აგენტების ძირითადი მოთხოვნებია:
1. დაწესდეს სავალდებულო ფიქსირებული ხელფასი, რომელიც სულ მცირე ქვეყანაში დათვლილი 1 ადამიანის საარსებო მინიმუმის ეკვივალენტია (200 ლარი ხელზე ასაღები). იგივე თანხა დაემატოს უფროსი სოციალური აგენტის ფიქსირებულ ხელფასს.
2.სატრანსპორტო ხარჯი, 200 ლარი დაფიქსირდეს, რომ არის ხელფასიდან დამოუკიდებლად გამოყოფილი, როგორც სატრანსპორტო ხარჯი სოციალური აგენტებისთვის, ასევე უფროსი სოციალური აგენტებისთვისაც.3. დაიდოს უვადო შრომითი ხელშეკრულებები ყველასთვის, ვისაც შრომის კოდექსის მიხედვით უფასო ხელშეკრულება ეკუთვნის.
3. რეგიონებში არსებული სერვისცენტრებში დასაქმებული სოციალური აგენტები და უფროსი სოციალური აგენტები უზრუნველყოფილნი იქნენ ტრანსპორტით;
4.დაიდოს უვადო შრომითი ხელშეკრულებები ყველასთვის, ვისაც შრომის კოდექსის მიხედვით უფასო ხელშეკრულება ეკუთვნის;
5. გაფორმდეს კოლექტიური ხელშეკრულება და ა.შ
ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელ გადაწყვეტილებამდე, სოციალურ მუშაკებს ფიქსირებული ხელფასის სახით 80 ლარი ერიცხებოდათ, ამის პარალელურად, თითო გამოკითხულ ოჯახზე და შევსებულ დეკლარაციაზე ისინი დაახლოებით 4,8 ლარს იღებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც სოციალური მუშაკების თვიური ანაზღაურება 200 ლარს არ აღემატებოდა.
კიდევ ერთი პრობლემა ხელშეკრულების 1 თვიან ვადას უკავშირდებოდა, რაც სოციალური მუშაკებს არასტაბილურ მდგომარეობაში აყენებდა – მათ არ იცოდნენ 1 თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დამსაქმებელი ისურვებდა თუ არა ხელშეკრულების გაგრძელებას და შეუნარჩუნდებათ თუ არა სამსახური და, შესაბამისად, შემოსავლის წყარო. გამოწვევად რჩებოდა ტრანსპორტირების საკითხიც – სოციალური აგენტების თქმით, ხშირ შემთხვევაში სატრანსპორტო ხარჯი არ არის ხელფასისგან გამოყოფილი, აქედან გამომდინარე მათ ისედაც მცირე ანაზღაურებიდან საკუთარი სახსრებით უწევთ ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა.
სოციალურ აგენტებს სამინისტროსთან მოლაპარაკებისა და შემდგომ გაფიცვის პროცესში იურიდიულ დახმარებას პროფკავშირების გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“ უწევს. გაერთიანება აცხადებდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან მედიაციის პირობებში ვერ მოხერხდა სოციალური აგენტების შრომითი უფლებების გაუმჯობესების კუთხით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, პროცესი შეჩერდა, პროფკავშირების წარმომადგენლებს კი მოლაპარაკებაში ჩართვის უფლებას არ რთავდნენ.
იმის გასარკვევად, ძალაში რჩება თუ არა სოციალური აგენტების მიერ ხვალ დაანონსებული გაფიცვა, „მეტრონომი“ „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარეს, სოფო ჯაფარიძეს დაუკავშირდა, რომლის ინფორმაციითაც, მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებებისა, ჯერჯერობით გაფიცვა არ გაუქმებულა, ვინაიდან სოციალური აგენტების მთელი რიგი მოთხოვნები კვლავაც არ დაკმაყოფილებულა:
„ხელფასი გაიზარდა 250 ლარამდე, სოციალური აგენტების მოთხოვნა კი იყო ანაზღაურების 360 ლარამდე გაზრდა. წარმოიდგინეთ, 13 წლის განმავლობაში სოციალური აგენტების ხელფასი საერთოდ არ გაზრდილა. გარდა ამისა, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით. ასევე, მართალია, ხელშეკრულების ვადები 6 თვემდე გახანგრძლივდა, მაგრამ სოციალური აგენტების მოთხოვნა უვადო ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ კვლავაც არ დაკმაყოფილებულა. ახლაც მიმდინარეობს საუბრები, გაფიცვის გადაწყვეტილება კი ჯერჯერობით კვლავ ძალაში რჩება,“ – აცხადებს სოფო ჯაფარიძე.
ნათია ალავიძე