განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად მზადაა. როგორც მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა თქვა,, გამოცდებზე მისულ აბიტურიენტებს, მაგისტრობის მსურველებსა და მასწავლებლებს უსაფრთხო გარემო დახვდებათ. მისივე თქმით, საგამოცდო სივრცეში დაცული იქნება საჭირო დისტანცია, თითოეული მაგიდა უზრუნველყოფილი იქნება წინადამცავი ბარიერებით, ყველა სივრცე განიავდება, გამოცდის მიმდინარეობისას კი გამოცხადდება სანიტარული შესვენება.
„განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ადასტურებს მზადყოფნას 2020 წლის ეროვნული გამოცდების სტუდენტთა, ასევე მაგისტრობის მსურველთა კონკურსის ჩასატარებლად და შესაბამისად, მასწავლებელთა იმ ნაწილისთვისაც, რომლებიც 2020 წლის ზაფხულის გამოცდებში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ მათ დახვდებათ უსაფრთხო გარემო კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით. დაცული იქნება ის დისტანცია, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
როგორც მოგეხსენებათ, თითოეული მერხი უზრუნველყოფილია წინადამცავი ბარიერით და ამასთან ერთად, პირადი ჰიგიენის წესები არის აბსოლუტურად დაცული. ჩვენ, როგორც დაგპირდით, მუდმივ კონტაქტსა და პერმანენტულ მუშაობაში ვართ ჩართული ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად და უახლოეს დღეებში დაზუსტებულად მოგაწვდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც შესრულებული იქნება განათლების სამინისტროს მიერ ყველა სექტორში, რომლიც შეუქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეულ გამოსაცდელს, მეთვალყურეს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საგამოცდო სისტემის ორგანიზებაში.
ჩვენ ვთანხმდებით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებული იქნება ჯანდაცვის სისტემის მიერ და მზად ვართ, შევასრულოთ. თითოეული სივრცე უზრუნველყოფილია, ტექნიკურად გამართულია კონდიციონერების სისტემა. რეკომენდაციების თანახმად, ყველა სივრცე განიავდება გამოცდების დასაწყისში და შუალედში გაიმართება სანიტარული შესვენება და დეზინფიცირებული იქნება ყველა გარემო. რაც შეეხება გაგრილების დაზუსტებულ წესებს, ამ დღეებში შემოგთავაზებთ,“ – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.