ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ძალადობა წულუკიანის უწყების მხრიდან”: ბაჩანა შენგელიამ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დავა მოუგო

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა შეუჩერა, მის აღდგენასთან დაკავშირებით წარდგენილი მოთხოვნა სასამართლომ დაუკმაყოფილა. ამის შესახებ შენგელიამ “მეტრონომს” განუცხადა. მისი ინფორმაციით, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს იმ პროგრამების ჩართვა, რომელიც, მისი თქმით, გაურკვეველი მიზეზების საფუძველზე გაუთიშეს.

“მეტრონომთან” საუბრისას შენგელიამ აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური საქმეა დაწყებული, რომელიც მისივე “ფეისბუქპოსტებს” უკავშირდება. ის აპირებს ყველა შიდა ინსტანციას მიმართოს, თუმცა, ამის პარალელურად, სტრასბურგის სასამართლოში დაიწყო დავა.

“საქმე ფეისბუქპოსტებიდან არ დაწყებულა, ეს უკვე გაგრძელება იყო. 19 ივნისს ისე გამომირთეს პროგრამა, რომ იმ დროს ფეისბუქპოსტებზე საუბარი არც ყოფილა. შემდეგ მითხრეს, რომ თითქოს რაღაც დარღვევებით ვახორციელებდი (საქმიანობას), თუმცა, დღემდე არ მეუბნებიან რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ, უკვე, როგორც საქმიდან ირკვევა, 24 ივნისს დაიწყეს ფეისბუქპოსტებთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოება, თუმცა, ეს ჩემთვის 29 ივნისს გახდა ცნობილი, სწორედ ამ დღეს გადმომცეს ეს დოკუმენტები.

საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ორი დისციპლინური წარმოებაა დაწყებული: პირველი, – პროგრამები, რომლებიც დღემდე არ ვიცი რის გამო მქონდა გამორთული. აქვე გეტყვით, რომ სასამართლომ დამიკმაყოფილა განცხადება და იუსტიციას დაავალა ჩემთვის ყველა პროგრამის ჩართვა, რომელიც საჭიროა სანოტარო საქმიანობისთვის. ახლა მიმაქვს იუსტიციაში ეს გადაწყვეტილება, რომ ჩავაბარო და შემდეგ უკვე უნდა ჩამირთონ.

თუ რა დავარღვიე, კონკრეტულ პასუხს არ მეუბნებიან. თან მიმდინარეობს მეორე დისციპლინური საქმე, ფეისბუქპოსტებთან დაკავშირებით. დაწყებული მაქვს უკვე დავა სასამართლოში. ვაპირებ ყველა საქმე გავასაჩივრო, როგორც საქალაქო სასამართლოში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც ნორმის არაკონსტიტუციურობაზე ვიდავებთ. ყველა შიდა ინსტანციას ამოვწურავ” – აცხადებს “მეტრონომთან” ბაჩანა შენგელია.

მანამდე, ბაჩანა შენგელიამ იუსტიციის მინისტრზეც გააკეთა კომენტარი. მისი აზრით, თეა წულუკიანის სახით გადაწყვიტა ხელისუფლებამ, პირადად მასზე განახორციელოს ანგარიშსწორება, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ ძალადობრივი მეთოდი გამოიყენა.

შენგელია მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეების  პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მან ასევე მიმართა სახალხო დამცველს და საქართველოში მოქმედ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

“დამატებით ეს საქმე სტრასბურგში მაქვს წარდგენილი დედაჩემის (ია კერზაიას) საქმესთან ერთად და ის დისციპლინური გადაწყვეტილება, რაც ფეისბუქპოსტებთან დაკავშირებით აღძრეს, უკვე გავაგზავნე სტრასბურგში, იმ (ია კერზაიას) საქმეზე დასართავად. ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ უკანონობას ვებძროლოთ, ვნახოთ რა გამოვა” – განუცხადა შენგელიამ “მეტრონომს.”

აღნიშნულთან დაკავშირებით, “მეტრონომი” დაუკავშირდა იუსტიციის სამინისიტროს, სადაც ნოტარიუსთა პალატის ცხელ ხაზზე გადაგვამისამართეს, თუმცა, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ცნობისათვის, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიშის წარდგენისას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე კითხვები დაუსვეს. ოპოზიციის კითხვებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე ამ ფორმატში ვერ ისაუბრებს და “მინისტრის საათის” ფარგლებში პარლამენტში ვიზიტისას მზადაა ამ საკითხზეც ისაუბროს.

შეგახსენებთ, 2018 წლის არჩევნების შემდეგ გარდაცვლილი მასწავლებლის, ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა (ბაჩანა შენგელიამ) დედამისის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა.

“შენგელია საქართველოს წინააღმდეგ” – კერზაიას შვილის, იურისტ ბაჩანა შენგელიას თანახმად, ასეთი სახელწოდების სარჩელი დარეგისტრირდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

ია კერზაია 2018 წლის ნოემბერში სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული ანონიმური წერილის საფუძველზე ჩატარდა.

ბაჩანა შენგელია, ჩატარებულ ინსპექციას, რაც მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

თამარ შუკვანი

იტვირთბა....