ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის სამარცხვინო ხელისუფლების სახე” – ბოკერია ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერებაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იგი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბაჩანა შენგელიას მიერ დაღუპული დედის, ია კერზაიას საქმეზე აქტიურობა გახდა საფუძველი იმისა, რომ მისთვის ნოტარიუსის ლიცენზია შეჩერებინათ.

„ივანიშვილის რეჟიმის ამ სამარცხვინო სტანდარტითაც კი სამარცხვინო მაგალითია. ადამიანის ოჯახის წევრი დაიღუპა იმ ვითარებაში, სადაც აშკარა კონტექსტი არსებობს მთავრობის მოქმედებების, რომ რაღაც როლი ითამაშეს ამ საქმეში. მე ხელს არავისკენ ვიშვერ. თქვენ გახსოვთ ალბათ მოსმენა, სადაც „ევროპული საქართველოდან“ სერგი კაპანაძე და ოთარ კახიძე იყვნენ, სადაც წუთებით დაუთვალეს, რომ ზეწოლის დაკვეთას ასრულებდნენ. სიკვდილს არავის არ ვაბრალებ, „ოცნებისგან“ განსხვავებით, „ევროპული საქართველოს“ სტილი არ არის ტალახი ისროლოს. ფაქტი იყო, რომ უკანონოდ და სამარცხვინოდ ჰქონდა ზეწოლას ადგილი.

ეს ადამიანი შემდეგ დაიღუპა და მისი შვილი, რომელიც ამ საკითხზე აქტიურობს, ახლა ხდება დამატებითი დევნის მსხვერპლი ქვეყანაში, სადაც მოსამართლეები პოლიტიკურ კამპანიას ეწევიან და ამაზე მმართველი გუნდი იძახდა, რომ არაუშავს და ხმა მისცეს და აიჩიეს ეს მოსამართლეები, ვინც მაგალითად საჯაროდ პოლიტიკურ ტალახს ესროდა სამოქალაქო საზოგადოებას. ამ კაცს თავისი ოჯახთან დაკავშირებულ საკითხზე სამოქალაქო აქტიურობისას ნოტარიუსის ლიცენზია შეუჩერეს. ეს არის სახე ამ სამარცხვინო ხელისუფლების და საქართველოში ამ მთავრობის მშვიდობიანი დამარცხების შემდეგ არასოდეს მსგავსი აღარ უნდა მოხდეს არავისთან მიმართებაში“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, მას 19 ივნისს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელია იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს ამ საქმეზე გამოძიება დაიწყონ. შენგელია აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი დედის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეს უკავშირებს, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი.

 

იტვირთბა....