ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელჩები წარმოადგენენ საკუთარ სახელმწიფოებს ჩვენს ქვეყანაში და მათზე თავდასხმა ამ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა – საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს საქართველოს მეგობარი ქვეყნის – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეო უწყება გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ ქართველი დიპლომატების სახელით მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ყველა დიპლომატს მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

„ვეხმიანებით რა საქართველოში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ ევროკავშირის განცხადებას, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ღრმა პატივიცემას ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენელთა მიმართ. მიგვაჩნია, რომ სწორედ მათ კეთილსინდისიერ საქმიანობას და პროფესიონალიზმს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და გვეხმარება ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, აღმშენებლობასა და საქართველოს კეთილმეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში,”- აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს ის ფაქტორი, რომ ელჩები წარმოადგენენ საკუთარ სახელმწიფოებს ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, მათზე თავდასხმა ამ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა. განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საქართველო-გერმანიას შორის მაღალი დონის პარტნიორობაზე. აღნიშნულია, რომ  გერმანიამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარების პროცესში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში გერმანია მტკიცედ უჭერდა  მხარს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მხარდაჭერა დღესაც გრძელდება და ყოველწლიურად მყარდება ჩვენი ქვეყნის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიც არის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს საქართველოს მეგობარი ქვეყნის – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს. ბატონი ჰუბერტ ქნირში საკუთარი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელია და მაღალპროფესიულად ემსახურება საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების პროცესს.

მიგვაჩნია, რომ ელჩის წინააღმდეგ მსგავსი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება სწორედ ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. უწყებისთვის მიუღებელია მსგავსი სახის უპასუხისმგებლო ქმედებები, რასაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების, მედიის თუ საზოგადოების ცალკეული წარმომადგებლების მხრიდან ადგილი აქვს დიპლომატიური კორპუსის მისამართით. ქართველი დიპლომატების სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ყველა დიპლომატს მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი გმობენ „გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გერმანიის ელჩის , ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ“. როგორც განცხადებაში წერია, ყველა ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან.

იტვირთბა....