თბილისის მერი კახა კალაძე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციური სპექტრის მცდელობა, ხელი შეეშალა ცვლილების მიღებისთვის, უშედეგო აღმოჩნდა. ამის შესახებ კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.
“საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა. ისტორიული და ისტორიულზე მეტად, ლოგიკური ამბავია. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა აქამდე და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გამოავლინა პოლიტიკური ნება და გამბედაობა ამ ცვლილების განსახორციელებლად.
“ეს არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დემონსტირება, რომ ქვეყანა დემოკრატიის შეუქცევად გზაზე დგას და ვერავითარი ძალა ამ რეალობას ვერ შეცვლის. მთელი ეს პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი პარტნიორების და მეგობრების თვალწინ და ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა, ვინ ვინ არის, ვის რა ინტერესი აქვს.
“პოლიტიკური პროცესის დინამიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან ოპონირება, პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობა. გასაგებია ყველაფერი პოლიტიკური ქულების მოპოვების გზაზე, გარდა ღია კონფრონტაციისა, როცა თვალნათლივ ჩანს, რომ ვიწროპარტიული ინტერესია უმთავრესი ზოგიერთებისთვის და არა ქვეყნის მომავალზე ზრუნვა.
“არ გამოვიდა დემოკრატული პროცესებისთვის ხელის შეშლა, არ გამოვიდა პროცესის სათავისოდ გამოყენება მავანთა მხრიდან. კარგია, გაკვეთილია… მადლობა ყველა ჯანსაღად მოაზროვნე და ჯანსაღად მოქმედ პოლიტიკოსს,” – ნათქვამია დედაქალაქის მერის განცხადებაში.
ცნობისათვის, 29 ივნისს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიიღო. “ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ.