ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს. ევროპარლემენტარის თქმით, სამწუხაროა, რომ კენჭიყრაში ყველა მხარე არ მონაწილეობდა.
„ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში. ამ მიღწევამ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი უნდა გახადოს,“- წერს ევროპარლამენტარი.
ვიოლა ფონ კრამონი მხარეებს მოუწოდებს, მიიღონ ODIHR-ის რეკომენდაციებთან სრულად თავსებადი საარჩევნო კოდექსი, უზრუნველყონ მშვიდობიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო პერიოდი, თავი შეიკავონ ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც იწვევს პოლარიზაციასა და ძალადობას.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალურ მოძრაობას.”