ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გერმანიის მხარემ თქვა, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრისგანო, იგივეს ვაპირებთ ჩვენც” – პრემიერი ხანგოშვილის საქმეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ხანგოშვილის საქმეზე გერმანული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში რუსეთის ფაქტორის არსებობას შეეხებოდა.

„გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია, პროკურატურის გამოძიებიდან გამომდინარე, მაგრამ, სანამ გერმანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთ, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთო. ზუსტად იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენ, იმიტომ, რომ საქართველოს მხარე ამ გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული თავის პარტნიორებთან ერთად“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსნებთ, რომ რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე“. ლიკვიდირების დაკვეთის მოტივზე საუბრისას განცხადებაში ნათქვამია, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის მიზეზი მისი “რუსეთთან და საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებასთან დაპირისპირება გახდა”.

 

იტვირთბა....