ახალი ამბები მთავარი სამართალი

მნიშვნელოვანი ჩვენება: “დავინახე 3 ბიჭი როგორ მისდევდა შაქარაშვილს ხიდზე” – მოწმე, რომელმაც შაქარაშვილი ბოლოს ნახა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვრცელდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის, ვახო ახვლედიანის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, ის ერთ-ერთი ადამიანია, ვინც შაქარაშვილი ბოლოს დაინახა. მისი ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ბოლო მომენტში, გიორგი შაქარაშვილს, ხიდზე რამდენიმე ბიჭი მისდევდა.

“ჩვენ გავიქეცით უკანა მაგისტრალზე, მცხეთს მიმართულებით, მათ შორის იყო გიორგი შაქარაშვილიც. მდევრებიც გაჩერდნენ, ჩაჯდნენ ისევ მანქანაში და წავიდნენ. ამის შემდეგ, ჩვენ გავაგრძელეთ გზა თბილისისკენ, სადაც იყო ის სამი ბიჭიც, მათ შორის შაქარაშვილიც. შემდეგ დაგვეწია სხვა ავტომანქანა, რომლის ფერი და მარკა არ მახსოვს, რადგან იყო სიბნელე და ვიყავი შეშინებული. როგორც კი გაჩერდა მანქანა და იქიდან გადმოვიდნენ ბიჭები, ჩვენ მოვტრიალდით და გავიქეცით მცხეთის მიმართულებით. მოგვსდევდნენ და გვაგინებდნენ. ჩვენ ყველანი გავიქეცით ხიდის მიმართულებით. მე გადავუხვიე ხიდიდან ბუჩქებისკენ და დავიმალე ბუჩქებში. სანამ გადავუხვევდი ხიდიდან, დავინახე, რომ ჩემს წინ გარბოდა შაქარაშვილი და დავინახე 3 ბიჭი როგორ მისდევდა მას” – ყვება ახვლედიანი, რომელიც ერთადერთი მოწმეა, რომელმაც ბოლომ ნახა შაქარაშვილი.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ვიდეოკადრები გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....