ბლოგები მთავარი პოლიტიკა

პოლიტიზირებული პანდემია, ანუ რუსეთის შეერთებული შტატები VS ევროჩინეთი

დაკვირვებული (და  არც ისე დაკვირვებულიც) თვალი შეამჩნევდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს იმ ერთგვარ საჭადრაკო დაფას დაემსგავსა, რომელზე თამაშის წესებიც ჭადრაკისას გასცდა და სხვა, მისთვის აქამდე უცნობი და გამოუყენებელი წესები შეითავსა… უფრო გასაგებად რომ ვთქვა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “ჯანდაცვა” თითქოს პრიორიტეტთა მეორე, ნაკლებადმნიშვნელოვან რიგში გადაანაცვლა და მთელი თავისი ძალისხმევა სხვა მიმართულებით წარმართა.

ჯანმრთელობის გლობალურად  დაცვისთვის მოწოდებული და ამ მიზნით შექმნილი ეს საერთაშორისო ინსტიტუტი იმ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც დღეს მართვისა და გავლენების მოპოვების ყველაზე მეტად ეფექტიანი საშუალებაა და მისი ხელში ჩაგდებაც პრაქტიკულად არანაკლებ ძალაუფლების მომტანი შეიძლება იყოს, ვიდრე რომისთვის თავის დროზე ლეგიონები, ინგლისისთვის ფლოტი და აშშ-სა და სსრკ-სთვის ბირთვული იარაღი.

რა თქმა უნდა მოსაწონი და მისასალმებელიც კია ის, რომ გავლენისა და ძალაუფლების მოპოვებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებად საჭირო ხდება სხეულის საომარ ფერებში მოხატვა, რკინის აბჯარ-მუზარადში გამოწყობა, თოფზე ხიშტის მორგება, თანამედროვე საზენიტო დანადგარების იქით-აქეთ თრევა, და “მტერზე გამარჯვების” ფორმაც ისეთი უმტკივნეულო ხდება, როგორი უმტკივნეულოც შეიძლება დავუშვათ უბრალოდ მისი იგნორირება იყოს, მასთან მიმოსვლის გაწყვეტა… თუმცა ალბათ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ თუ მოტივი უცვლელი რჩება და იგი მიზნად კვლავაც კონკურენტის განადგურებას ისახავს, მაშინ არსებითი მნიშვნელობა არც იმას აქვს მის მიღწევაში დამხმარედ კეტს და ქვას გამოიყენებ, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილებას… ორივე შემთხვევაში საომარ ფერებში მოხატული ის პირველყოფილი ხარ, რომელიც იგივე მიზანს სხვა ფორმით აღწევს და ეს იმდენად ვრცელი თემაა, რამდენადაც ერთ დასკვნამდე – ადამიანის ჯერ კიდევ უსუსურ არარაობად აღიარებამდე მიგვიყვანს… ეს კი ამ სტატიის მიზანი ამჯერად არ არის.

ამ სტატიის მიზანი იმ მკვეთრად გამოხატული მხარეების იდენტიფიცირებაა, რომლებიც დღეს და ამ ომში(!) ჩართულნი ლამის ეგზოტიკური ფორმით, მაგრამ კვლავაც იმ ძველისძველი მოტივაციით არიან, როგორითაც უწინ იყვნენ… ძალაუფლება და მისი ხელში ჩაგდებაა დღესაც სახელმწიფოთა მამოძრავებელი, თუმცა ამჯერად საქმე მხარეთა ისეთ საინტერესო (ალბათ უფრო უცნაურ) კონფიგურაციასთან გვაქვს, როგორთანაც უახლეს ისტორიაში  ჯერ არ გვქონია და რომელზე მინიშნებაც სათაურში მკაფიოზე მეტია.

ის, რომ ევროკავშირი საჰაერო მიმოსვლების აღდგენას აანონსებს ჩინეთთან არის სუფთა წყლის პოლიტიკა და ჯანდაცვასთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს!..

ის, რომ ევროკავშირი საჰაერო მიმოსვლების აღდგენას არ აანონსებს აშშ-სთან და რუსეთთან, ასევე სუფთა წყლის პოლიტიკაა და ჯანდაცვასთან არანაირი კავშირი ასევე არ შეიძლება ჰქონდეს!..

დონალდ ტრამპის მიერ ჯანმოსთვის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღება, ისევე როგორც მის მიერ გაკრიტიკებული ჩინეთის ხელისუფლება, მოზაიკის ის მკაფიოდ ხილული მონაკვეთებია, რომლებიც მთლიანი სურათის დანახვის საშუალებას ერთმნიშვნელოვნად იძლევა და ის, რომ ამ “კინკლაობაში” რუსეთის როლი მაინც და მაინც მკაფიოდ არ იკვეთება, მხოლოდ იმის ბრალია, რომ რუსეთს “გამოცდილი კადრი” მართავს, აშშ-ს კი ოდიოზური ფიგურა, რომელმაც, ჯო ბოლტონს (ტრამპის ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში) თუ დავუჯერებთ, სულ ორიოდე წლის წინ ისიც კი არ იცოდა, რომ დიდი ბრიტანეთი ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოა.

იგივე ჯო ბოლტონი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ ტრამპით რუსეთი მანიპულირებს და ობივატელისთვის ეს თუ მხოლოდ სიტყვების ის რახარუხია, რომელსაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან ყოველდღე ვისმენთ, პოლიტიკურ თამაშებში ზედა სართულებზე ჩართულთათვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რამდენადაც სხვა ნებისმიერი მეტ-ნაკლებად საიდუმლო ინფორმაცია და მართალია გაუთვითცნობიერებლად და მისთვის დამახასიათებელი უგუნური პირდაპირობით, მაგრამ ტრამპმა ის (ბოლტონი) ფაქტობრივად სახელმწიფო საიდუმლოების გათქმაში დაადანაშაულა და ეს გარკვეულ ეჭვებს რა თქმა უნდა ბადებს.

ევროკავშირისთვის სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება ის, რომ კედელმა მკვეთრად გამოხატული დასავლეთის და აღმოსავლეთის გამყოფიდან  ბუნდოვნად გამოხატულ დასავლეთაღმოსავლეთის და აღმოსავლეთდასავლეთის გამყოფში გადაინაცვლა და ის (ევროკავშირი) მის და უნებურად ჩინეთის “მეგობარი” უფრო მეტად  აღმოჩნდა, ვიდრე აშშ-ის… ისევე როგორც აშშ აღმოჩნდა უფრო რუსეთის “მეგობარი”, ვიდრე ევროკავშირის.

და ბოლოს, რაც შეეხება იმ ჩვენთვის მთავარს, რაზეც შექმნილი მდგომარეობა და მისი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ევროკავშირი გვიყვება და გვთავაზობს… ვითარებაში, სადაც და როცა ევროკავშირი ადგენს სიას, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენასაც აპირებს, შენ, სახელმწიფომ, უნდა აირჩიო – ავიამიმოსვლის აღდგენაზე თანხმობის განაცხადით შეუერთდე ევროკავშირისა და ჩინეთის მკვეთრად არგამოხატულ, მაგრამ მაინც ტანდემს და შენი ეკონომიკის ამუშავებას შეუდგე, თუ ავიამიმოსვლების აღდგენაზე ამ ეტაპზე უარი თქვა, გადადო და შესაბამისად შეანელო ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ტემპებიც და ამასთან ერთად უთქმელად, თუმცა მკაფიოდ განაცხადო ის, რომ შენ შენ თავს სხვა ტანდემის მოკავშირედ მოიაზრებ.

 

ვასო შონია

იტვირთბა....