ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გიორგი გაბუნია საქართველოს მოქალაქეა და მას თქვენი იმედიც უნდა ჰქონდეს,” – ირმა ნადირაშვილი პრემიერს

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კითხვით მიმართა, თუ რა ხდება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე, რომლის ლიკვიდაციაც იყო დაგეგმილი. ნადირაშვილის თქმით, აუცილებელია ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს გარკვეული ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გიორგი გახარია წლიური ანგარიშის წარდგა.

„თქვენი ანგარიშის დროს ერთი სიტყვით მაინც რატომ ვერ მოვისმინეთ, რა ხდება გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით. საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და რაღაც ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენთვის უნდა მოგეცათ. თქვენ შეგიძლიათ გვითხრათ, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არ არის დასრულებული, მაგრამ ეს არგუმენტი არ იქნება დამაჯერებელი, რადგან ყველას კარგად გვახსოვს, რომ თქვით, როდესაც თქვენთვის პოლიტიკურად მომგებიანი საქმეა, ამაზე არ ელოდებით გამოძიების დასრულებას.

„შემიძლია ციანიდის საქმე შეგახსენოთ, როდესაც ისეთი ტყუილები თქვით, რომ თქვენ თვითონ აიხლართეთ. შეგეძლოთ გაბუნიას საქმეზეც გარკვეული ინფორმაცია პარლამენტისთვისაც მოგეცათ და თუ ასეთ ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ, გაგვიზიაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიჩნდება განცდა, იმის გამო, რომ იგი თქვენთვის მიუღებელი ჟურნალისტია, რომელიც მუდმივად გაკრიტიკებთ, სულ ერთია მისი სიცოცხლე თქვენთვის.

„გიორგი გაბუნია არის საქართველოს მოქალაქე და მას თქვენი იმედიც უნდა ჰქონდეს, რომ რუსეთი ვერ ხელყოფს მის სიცოცხლეს და შესაბამისად, უფრო მეტი ინფორმაცია გვჭირდება ამ საქმესთან დაკავშირებით,“ – თქვა ნადირაშვილმა.

ცნობისათვის, ტელეკომპანია „ფორმულამ” სუს-ის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა.

მოგვიანებით, „მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, თუმცა კონკრეტულად ვის მკველობას გეგმავდა ვასამბეკ ბოკოვი განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასამბექ ბოკოვს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

იტვირთბა....