ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კიდევ ერთი ღობე პარლამენტის შენობას – როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები

პარლამენტის შენობა კიდევ ერთი ღობით შემოისაზღვრა და საკანონდებლო  ორგანოსთან სარეაბილიტაციო სამუშაოები პრაქტიკულად არ სრულდება, რასაც ოპოზიციაში აფასებენ, როგორც მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების – პროტესტის შეზღუდვად. თუ რა იყო პარლამენტის შენობისთვის კიდევ ერთი ღობის შემოვლების მიზეზი, ამის შესახებ „მეტრონომი“ თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, იცვლება ფილები და ზაფხულის ბოლოს სამუშაო უკვე დასრულებული იქნება.

„იცვლება ფილები,  დარჩენილი იყო ფილების ნაწილი ღობის აქეთ. თუმცა, მხოლოდ ეს სამუშაოები არ არის. საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაციაზე ტენდერიც იყო გამოცხადებული და ელოდებოდნენ მასალებს, რასაც პანდემიის პერიოდში მოწოდებასთან დაკავშირებით, პრობლემები შეექმნა. ახლა უკვე პრობლემა მოხსნილია. უნდა გაკეთდეს შადრევანი, ფილები და გამწვანება, რომელიც იმ ტერიტორიაზე მთლიანად კეთდება. როგორც მერმა თქვა ზაფხულის ბოლოს დასრულდება,“ – აღნიშნა „მეტრონომთან“ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

პარლამენტის შენობა მწვანე ღობით უკვე ხუთი თვეა შემოსაზღვრულია და დამატებით, კიდევ ერთი ღობე დღეს, 26 ივნისს შემოავლეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 22 იანვარს დაიწყო. მაშინ თბილისის მერიამ ტერიტორია მწვანე ღობით შემოსაზღვრა და განაცხადა, რომ იქ ფილების დემონტაჟი, საკომუნიკაციო ჭების მოწყობა და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთება, აუცილებელი იყო.

ფოტო: pirveliradio

იტვირთბა....