ახალი ამბები მთავარი სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა გახდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე მერაბ ტურავა გახდა. მის კანდიდატურას ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. მეორე კანდიდატს ირინა იმერლიშვილს კი ოთხი ხმა ერგო.

თავდაპირველად თავმჯდომარეობის კანდიდატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წინაშე საკუთარი ხედვები წარადგინეს, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრა შედგა. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ლომთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პლენუმი ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას და მთავარი განსახილველი საკითხია, ვინ დაიკავებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას. მისი განცხადებით, ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას ამ დრომდე მერაბ ტურავა იკავებდა, ის პირველ კოლეგიას ხელმძღვანელობდა. მისი თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ კი ახალი მოადგილის არჩევის საჭიროება დადგა.

ცნობისათვის, დღეს, 25 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა გაიმართა, სადაც კანდიდატს გამარჯვებისთვის პლენუმის ცხრა მოსამართლიდან სულ მცირე , ხუთ მოსამართლეს მხარი უნდა დაეჭირა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია 15 ივნისიდან არის თავისუფალი, მას შემდეგ რაც ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილება ამოეწურა.

იტვირთბა....