საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში აგვისტოს ომამდე რუსეთის პრეზიდენტთან პირველ შეხვედრას იხსენებს, რომელიც მისი თქმით, სტალინის კაბინეტში შედგა.
როგორც სააკაშვილი ინტერვიუში აცხადებს, ნათელი იყო, რომ ეს არ იყო პოლიტიკური მოლაპარაკებები დიდ და პატარა ქვეყნებს შორის, ეს, უბრალოდ, იყო „დავერბოვკების“ მცდელობა.
„ჯერ კიდევ ომამდე, როცა პირველად შევხვდი პუტინს, სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინები მქონდა. რომ არ მოგატყუოთ, ჩვენს შორის საუბარი მიმდინარეობდა 5 საათი. ჯერ იყო ოფიციალური ნაწილი, შემდეგ მან შემიყვანა, როგორც თავად ეძახიან სტალინის კაბინეტში და კონიაკით გამიმასპინძლდა. სხვათა შორის, არ ვყოფილვარ დაძაბული, პირიქით… დავიწყე ფიქრი, თუ ვის მაგონებდა პუტინი და მივხვდი, ის მაგონებდა მაიორ პეტროვს, რომელიც იყო ხელმძღვანელი პირველი განყოფილების, როცა მე ვმსახურობდი სასაზღვრო ძალებში, ეს იყო განსაკუთრებული დანიშნულების განყოფილება. მას ჰქონდა ასეთი ჩვევა, რომ გამომიძახებდა ხოლმე ღამის ორ საათზე და საუბრის ბოლოს მაიძულებდა, რამე დამეწერა. მე, რა თქმა უნდა, მოწიწებით ვეუბნებოდი უარს და მას ყოველი შეხვედრის დროს ერთი და იგივე მცდელობა ჰქონდა ხოლმე. აი, ეს იყო პუტინი. ანუ, მე მივხვდი, რომ ეს არ იყო არანაირი პოლიტიკური მოლაპარაკებები დიდ და პატარა ქვეყნებს შორის, ეს, უბრალოდ, იყო „დავერბოვკების“ მცდელობა-ღონისძიება“. – სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის პერიოში საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ვიზიტზეც საუბრობს.
ექსპრეზიდენტის ინფორმაციით, სარკოზი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ შეშინებული ჩამოვიდა საქართველოში, რომელიც სააკაშვილს ეუბნებოდა პუტინთან დაპირისპირება შეეწყვიტა, ვინაიდან მას აშშ ვერ უშველიდა, თავად სარკოზს კი ამისთვის ჯარი არ ჰყავდა.
„აგვისტოს ომის პერიოდში, სარკოზი მიყვებოდა: როცა ის პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩემთან ჩამოფრინდა. ის აშკარად დესტაბილიზირებული და შეშინებული იყო. ის მეუბნებოდა, რომ პუტინი იყო საშიში, ნამდვილი ზომბი. პუტინი სარკოზის ჰალსტუხში წვდა – ამას ფაქტის სახით გეტყვით. ის საშიში პიროვნებაა, რადგან მას არ აქვს არანაირი პრინციპები და მორალური საზღვრები. მას მიაჩნია, რომ მიზნის მიღწევა შესაძლებელია თუკი ვინმეს მოკლავ, დაიპყრობ, მუხლებს დაუმტვრევ. მე ვარ მაგალითი, თუ ღიად როგორ დამემუქრა მოკვლით, მაგრამ როგორც ხედავთ ჯერ კიდევ დავდივარ. რამდენჯერმე დამემუქრა ღიად მოკვლით… სხვათა შორის, კამერებთანაც, ასევე სარკოზის თვალწინაც, ეს თავად სარკოზიმ მომიყვა. მან ჩამომიტანა ამბავი შემდეგ ცნობილი ფრაზა (იგულისხმება ყვერებით დაკიდება). ზუსტად ვიცოდი, რომ ეს იყო უბრალოდ მუქარა და მეტი არაფერი, რომ კაპიტულაციისთვის ხელი მომეწერა. მე არ მოვაწერე. სარკოზიმაც მითხრა, რომ მომეწერა ხელი, (საუბარია მე-6 მუხლზე) თორემ პუტინი ხვალ დილით ტანკებს შემოიყვანდა და მომკლავდა. მან მითხრა, შენი მეგობარი ბუში ვერ გიშველისო, მე კი ჯარი არ მყავსო, სიტყვა სიტყვით ასე მითხრა“. – სააკაშვილი.
სააკაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პუტინი დედის გინებასაც არ ერიდებოდა და გამუდმებით იმუქრებოდა.
“იყო მომენტები, როცა პუტინი პირდაპირ დედის გინებაზეც გადადიოდა. ეს განსაკუთრებული კლუბია, იქ ყველაფერია შესაძლებელი.
პუტინი ყველაფერს უყურებს, ყველა ინტერვიუს უსმენს. იყო პერიოდი, როცა მე მან დამირეკა და მითხრა, გერმანიის ერთ-ერთ რესტორანში ჩემზე ეს და ეს რატომ თქვიო“. – აღნიშნავს სააკაშვილი.
სააკაშვილი უკრაინაში მის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე რუსეთში არსებულ განწყობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პუტინის ქვეყანაში ამაზე სრული ისტერიკა იყო.
„წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან მოსკოვში, როცა იციან, რომ მე ვზივარ ახლა კიევში? იქ ნამდვილი ისტერიკა იყო, როცა მე უკრაინის ვიცე-პრემიერობა შემომთავაზეს. რუსეთის ტელევიზიებში გაქრა ყველანაირი ინფორმაცია კორონავირუსზე, ამერიკაზე და უკრაინის ფრონტზეც კი, იყო მარტო სააკაშვილი, სრული ისტერიკა იყო…“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.