დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას დაასრულებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და „m2“-ის გენერალურ დირექტორ შოთა ბერეკაშვილთან ერთად დაესწრო.
„მინდა, მივულოცო 400-მდე ოჯახს, რომლებიც 12 წლის განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელს ელოდებოდა. ესენი არიან სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებული ოჯახები. აღნიშნული პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა მერიაში, პირობა მივეცით მოსახლეობას, რომ მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა ექნებოდა ჩვენი მხრიდან იმ ოჯახებს, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის მიერ არიან დაზარალებული. პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, იყო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები, ეს კი მეორე ასეთი პროექტია, რომლის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით 400-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ და ვიზიარებ ამ ადამიანების სიხარულს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, გვაქვს შემდეგი გამოწვევები: „ცენტრ პოინტს“ 6 000-ზე მეტი ოჯახი ყავს დაზარალებული და ეს პრობლემა ათეულობით წელია არსებობს. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტსაც ბოლომდე მივიყვანთ და ყველა ოჯახს გავაბედნიერებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
12-წლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ საცხოვრებელ ფართებს მიიღებს. „m2“ მზადაა, სამშენებლო სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს. კერძოდ, მშენებლობა კორექტირებული პროექტის შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყება. პროექტი სამი წლის ვადაში განხორციელდება.
დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობების დასრულების მიზნით, თბილისის მერიამ არაერთ საჯარო შეხვედრას უმასპინძლა, სადაც დეველოპერებმა მსგავსი ტიპის მშენებლობების შესახებ ზოგადი ინფორმაცია და რამდენიმე შეთავაზებაც მიიღეს. პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ „ოლიმპიური ვარსკვლავისა“ და დაზარალებულ მობინადრეთა წარმომადგენლებიც.
აღსანიშნავია ისიც, რომ „m2 ჯგუფსა“ და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, „m2“-მა მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ შეჩერებული პროექტებიც გადაიბარა. მირცხულავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და „m2 ჯგუფის“ მიერ სრულად ფინანსდება.
თბილისის მერიასა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.