პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ევროპულ საქართველოს” მხარი რომ არ დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, მას მაინც საჭირო რაოდენობის ხმები აქვს.
ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტუტიციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, მათ ოპოზიციური პარტიები თვალთმაქცობაში ამხილეს.
„პარტიული პოზიციიდან გამომდინარე ირაკლი კობახიძემ ზუსტი შეფასება მისცა ამ ორი ოპოზიციური პარტიის ქცევას. ერთი პრაქტიკულად ჩვენ ვამხილეთ თვალთმაქცობაში, რომელმაც ხალხს უთხრა, რომ მხარს ვუჭერ, მაგრამ ხმას არ ვაძლევ. მეორე, ვამხილეთ იმაში, რომ როდესაც კენჭისყრიდან გამოვიდნენ საზოგადოებას უთხრეს, რომ ჩვენ გადავარჩინეთ ეს პროექტიო, როდესაც ელემენტარულად ტაბლოზე ჩანდა შედეგები, რომ 136-მა დეპუტატმა მიიღო ეს ცვლილებები, რაც ნიშნავს რომ „ევროპული საქართველოს“ 20 ხმაც რომ გამოკლებოდა ამ ყველაფერს მაინც დამტკიცდებოდა. ეს თქვა ირაკლი კობახიძემ”, – განცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ,,ევროპულმა საქართველომ” კენჭის ყრაში მონაწილეობით საკუთარი პარტია გადაარჩინა.
“ჩემი პოზიცია, რომ ობიექტურად ვთქვათ, დადებითი იყო, რომ „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, დაგვიანებით, ბოლოს, მაგრამ მაინც სწორი გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრაში ჩართულიყო და მხარი დაეჭირა. ამით მათ პროექტი კი არ გადაარჩინეს, გადაარჩინეს საკუთარი პარტია, რომ ხვალ და ზეგ ეს პარტია არ დაადანაშაულოს ვინმემ შეთანხმების დარღვევაში,“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ, ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდებოდა. განხილვამდე “ევროპულმა საქართველომ” პოზიცია შეიცვალა და კენჭისყრაში მონაწილეობა და ცვლილებებისთვის მხარის დაჭერა გადაწყვიტა. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მან ბოიკოტი გამოაცხადა და კენჭისყრაში მონაწილეობაც არ მიუღია.