თამარ ჩუგოშვილს ჰქონდა ჩემთან სატელეფონო კომუნიკაციაც და ითხოვდა გაჩუმებას – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც მოსამართლეთა 10-კაციანი სია იყო წარდგენილი.
“დაახლოებით იმ პერიოდში როდესაც მოსამართლეთა 10-კაციანი სია წარადგინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე, ჩუგოშვილი გამოვიდა ინიციატივით და მოითხოვა 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება. მერე ეს ადამიანი დადიოდა და ყველგან საუბრობდა, რომ ეს იქნებოდა გამოსავალიო. ეს იყო ჩვეულებრივი მტკნარი სიცრუე, რადგან ისევ იმას აირჩევდა „ქართული ოცნება“ ვინც მას აწყობდა. გამოსავლად რატომ ასაღებდა ამას ვერ ვხვდებოდი. ჩუგოშვილისთვის მე ვიყავი პრობლემა, კიდევაც დაადასტურა რომ პრობლემები ექმნებოდა ჩემ გამო. მე ვიყავი პრობლემა თავის თანაგუნდელებთან თუ არ ვიცი, სხვა ადამიანებთან და ეს იყო გზა მისთვის, რომ მე მოვეშორებინე. მას ჰქონდა ჩემთან სატელეფონო კომუნიკაციაც და ითხოვდა გაჩუმებას 10-კაციანი სიის წარდგენის დროსაც და მანამდეც. თავიდან ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ახალი წევრი ვიყავი, დაიძაბა სიტუაცია, გვენეტაძე იყო მაშინ თავმჯდომარე და იყო დაძაბული ვითარება. როგორც ჩანს, მაშინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ მოსწონდა ის, რაც იქ ხდებოდა. რამდენიმე დღის წინ მან ისიც თქვა, რომ მინდოდა სწორ ადამიანს სწორი როლი შეესრულებინა სწორ ადგილასო. მისი გადასახედიდან სწორი როლის შესრულება რას ნიშნავს, თქვენ შეგიძლიათ განსაჯოთ, მაგრამ ჩემთვის ეს იყო მიუღებელი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.