ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვერავინ გვეუბნება ზუსტ დროსა და პროგნოზს, კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს საბრძოლო ვითარებაში ყოფნა”- ვატო გელაშვილი ცოტნე გამსახურდიაზე წერს

სამოქალაქო აქტივისტი ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და პოსტს თან მის სურათს ურთავს.

როგორც ვატო გელაშვილი წერს, ცოტნეს ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, მაგრამ არსებული დადებითი დინამიკა მის მკურნალ ექიმებსაც აიმედებს.

გელაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“მართალია, ე.წ. რობოტზე დგას და მისი საშუალებით გადაადგილდება ყოველ დილას, მაგრამ ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. მისი გამხდარი პირისახეც ექიმების მიერ გამიზნულად დანიშნული კვების რაციონის შედეგია – მისთვის ზედმეტი წონა მავნებელია ახლა. ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. არც ლაპარაკობს. თუმცა, მისი დაზიანებების ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალია. თურქეთში მენინგიტით გართულებული ღრმა კომით გადმოიყვანეს. არ ვიცი ნებისყოფამ, ექიმებმა, განგებამ თუ ყველაფერმა ერთად იმუშავა – გადარჩა. მას შემდეგ მუდმივ ბრძოლაში ვართ და ყოველ მიზერულ გამარჯვებასაც კი ბედნიერები ვზეიმობთ მე, გიორგი, ანი (გიორგის არაჩვეულებრივი მეუღლე) და კონსტანტინე. ან ვის გვაქვს უფლება იოტისოდენა პესიმიზმის გამოვლენისა, როცა ერთმნიშვნელოვნად იგრძნობა, რამხელა ძალას აძლევს ცოტნეს ახლობლების რწმენა და ოპტიმიზმი. დღევანდელი ჩემი პოსტის მიზანიც, გარდა ცოტნეს გულშემატკივართა ნუგეშისცემისა, არის სწორედ თქვენი ის პოზიტიური ენერგია, რომელიც ასე სჭირდება ცოტნეს და რომელსაც ის ახლა თქვენგან მიიღებს – საღამოობით მე მას თქვენს მიერ მოწერილ უთბილეს მოკითხვებს ვუკითხავ ხოლმე.

ვერავინ გვეუბნება ზუსტ დროსა და პროგნოზს, კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს საბრძოლო ვითარებაში ყოფნა, მაგრამ არსებული დადებითი დინამიკა მის მკურნალ ექიმებსაც აიმედებს.
სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ევროპის ერთერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადავალთ. საჰაერო გზები გაიხსნა და ამაზე უკვე ზრუნავს ხალხი, რომელიც პირველივე დღიდან ცოტნეს გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლაში ჩვენს გვერდითაა. ბრძოლას ვაგრძელებთ. იმედიანად ყოფნასაც,”- წერს ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, ვერაზე დაჭრეს. ის მკურნალობას ამ დრომდე თურქეთში გადის.

“მეტრონომის” რედაქცია ცოტნე გამსახურდიას უმოკლეს დროში გამოჯანმრთელებას უსურვებს.

იტვირთბა....