ახალი ამბები პოლიტიკა

სოფიო კილაძის თქმით, “ევროპულმა საქართველომ” საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესებიდან მიიღო

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, მმართველი გუნდიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს სრული მხარდაჭერა აქვს და მისი მიღება ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მოხდება.

ამის შესახებ სოფიო კილაძემ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში “ევროპული საქართველოს” მონაწილეობაზე განაცხადა.

კილაძის შეფასებით, “ევროპულმა საქართველომ” კენჭისყრაში მონაწილეობა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

„იმის რესურსი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ყველამ ერთად მივიღოთ „ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა დანაყოფების გარეშე. მთავარია ის, „ევრონაცებმა” დაინახეს, რომ თავად დარჩებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა მხარეს მოუწოდებენ შეთანხმების შესრულებისკენ, ეს რა თქმა უნდა, დაარტყამდა მათ იმიჯსაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ამიტომ მგონია, რომ საკუთარი ინტერესებიდან მიიღეს გადაწყვეტილება და არა ქვეყნის ინტერესებიდან. რურუაზე რაიმე ფორმით ჩაბღაუჭება, რომ ვითომ, პოლიტპატიმარია, ესეც მათი პოლიტიკური თამაშების ნაწილია,”- განაცხადა სოფიო კილაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ, ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდებოდა. განხილვამდე “ევროპულმა საქართველომ” პოზიცია შეიცვალა და კენჭისყრაში მონაწილეობა და ცვლილებებისთვის მხარის დაჭერა გადაწყვიტა.  რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მან ბოიკოტი გამოაცხადა და კენჭისყრაში მონაწილეობაც არ მიუღია.

 

 

იტვირთბა....