ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა!”

“ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ ისინი შეასრულებენ 8 მარტის შეთანხმებას, ჩვენ მზად ვიქნებით მხარი დავუჭიროთ მეორე და მესამე მოსმენას, თუ არა – შედეგზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დღევანდელი საპარლამენტო განხილვიდან ნათელი იყო, რომ არსებობდა მაღალი რისკი, პროცესები ისევე განვითარებულიყო, როგორც ნოემბერში, როდესაც პროპორციული სისტემა ჩავარდა.

„დღევანდელი საპარლამენტო განხილვიდან და გამოსვლებიდან სრულიად ნათელი იყო, რომ არსებობდა ძალიან მაღალი რისკი პროცესები ისევე განვითარებულიყო, როგორც ნოემბერში, როცა გვესმოდა „ოცნების“ ლიდერებისგან, რომ საკმარისი ხმები იყო და აღმოჩნდა, რომ პროპორციული სისტემა ჩავარდა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერას და 20 ხმას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარბაზში სწორი კლიმატის შექმნისა და პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისთვის.

ამავე დროს, ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მხარს მეორე და მესამე მოსმენით ამ კანონპროექტს, თუ ხელისუფლება საკუთარ ვალდებულებას არ შეასრულებს, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას.

ამიტომ, ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია, ისინი შეასრულებენ 8 მარტის შეთანხმებას, ჩვენ მზად ვიქნებით მხარი დავუჭიროთ მეორე და მესამე მოსმენას, თუ არა და შედეგზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.

იტვირთბა....