ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

თბილისის მერია “მზიურის“ ტერიტორიაზე გალერეა-მედიათეკას მოაწყობს და შემდეგ სოციალურ საწარმოს გადასცემს

ახლადრეაბილიტირებულ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მუნიციპალიტეტის მერია ორ  მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს, – ამის შესახებ დედაქალქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური „მზიურის“ ტერიტორიაზე გალერეა-მედიათეკას მოაწყობს და ასევე, გაკეთდება საფეხმავლო ხიდი, რომელიც აღნიშნულ პარკს ზოოპარკთან დააკავშირებს.

„რამდენიმე დღის წინ დასრულდა „მზიურის“ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მუნიციპალური განვითარების ფონდს მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით ქვედა მხარეს, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ გაუბედურებული იყო. დღეს კი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე გვაქვს, სადაც ყველა თაობის ადამიანს შესაძლებლობა აქვს მივიდეს, დაისვენოს და გაერთოს. მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ პარკის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტი ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს. პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდება, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. გვსურს, მედიათეკის მოწყობა, მაგრამ ეს შენობა-ნაგებობა პატარაა. როგორც იცით, „მზიურში“ არსებობს სოციალური საწარმო – „მზიურის კაფე“. ანა გოგუაძეს და მის გუნდს აქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი – გალერეა-მედიათეკის მოწყობის. ამ პროექტს ჩვენ განვახორციელებთ, ხოლო შემდეგ, აღნიშნულ შენობა-ნაგებობას სოციალურ საწარმოს და ანა გოგუაძეს უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადავცემთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მეორე პროექტს, დედაქალაქის მერის თქმით, მოეწყობა საფეხმავლო ხიდი, რომელიც „მზიურის“ პარკსა და ზოოპარკის ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს.

 

 

 

 

იტვირთბა....