ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადგილები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება – მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ამ დაწესებულების თანამშრომლებისთის სავალდებულო იქნება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დადგენილებით განსაზღვრულია ის ადგილები, დახურული სივრცეები, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკებია.

“კერძოდ, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება: საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, სადაც ყველაზე მეტია შემხებლობა მოქალაქეებთან, სადაც ყველაზე მეტი მოქალაქეების რაოდენობა იყრის თავს. ასევე, სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია ორი მეტრი დისტანციის დაცვა. მაგალითად, უფრო გასაგები რომ იყოს მოქალაქეებისთვის – უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე თუ შეუძლებელი იქნება ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა, აქ სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. ასევე, შეხვედრებზე თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე მოხსენების გაკეთებისას, პრეზენტაციისას, თუ შესაძლებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ასევე, სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებში და სავაჭრო ობიექტებში. ესენიც გახლავთ მაღალი რისკის შემცველი დახურული სივრცეები. სილამაზის სალონებში და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სადაც ასევე მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში აქაც მოგეხსენებათ რისკი მაღალია და პირბადის გამოყენება სავალდებულოა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის თქმით, კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, პირბადის გამოყენება სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.

მისივე თქმით, ზოგიერთი ჯგუფისა და კატეგორიის ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე, დაწესდა გარკვეული გამონაკლისები. კერძოდ, ამ ადამიანებს პირბადის არ გამოყენების შემთხვევაში არ დაეკისრებათ კანონით განსაზღვრული ვალდებულება.

ამასთან, მეზვრიშვილის ინფორმაციით, პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, შშმ და ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მქონე პირებისთვის.

შეგახსენებთ, ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით. ხოლო, იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის – 500 ლარით დაჯარიმებას .

 

 

იტვირთბა....