ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არც ერთი ვირუსი არსად გამქრალა, ყველა რჩება ბუნებაში. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ კორონავირუსიც მთლიანად გაქრება, არ არსებობს” – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მოლოდინი იმიმს, რომ COVID-19 მთლიანად გაქრება, არ არსებობს.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, პანდემიები და ეპიდემიები, როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული, პერიოდულად იჩენს თავს.

“პანდემიები და ეპიდემიები, როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული, პერიოდულად იჩენს თავს. თავის შიდა კანონზომიერებას ემორჩილება და საუკუნეში რამდენჯერმე კაცობრიობა დგება ამ პრობლემის წინაშე. მაგალითად, გრიპის პანდემია საშუალოდ საუკუნეში სამჯერ გვიბრუნდება, ასე იყო მეოცე საუკუნეშიც.

თუ ადრე სჭარბობდა ბაქტერიული წარმოშობის ეპიდემიები და პანდემიები, მაგალითად, შავი ჭირი და ქოლერა, ეს ბაქტერიული ინფექციები დარჩნენ და დროდადრო გვახსენებს თავს, მაგრამ ბოლო პერიოდში წინა პლანზე გამოვიდა ვირუსული ინფექციები. მიკროსამყარო განაგრძობს ცხოვრებას თავისი შიდა კანონზომიერებით, როცა გარკვეული პერიოდულობით ეპიდემიური აფეთქებები ან პანდემიები მეორდება.

ავიღოთ ის ვირუსები, რომლებიც მწვავე ვირუსებია და ტოვებენ ადამიანის ორგანიზმს. მაგალითად, გრიპის ვირუსი, იგივე კოვიდ19-ის უახლოესი ნათესავები – სარსი და მერსი, ფრინველის გრიპი ან ებოლა… ამ ვირუსებით გამოწვეული ეპიდემია, ზოგჯერ კი პანდემია, ჩაცხრა. ეს მათი შინაგანი კანონზომიერებაა, თუმცა ადამიანის ხელიც ურევია. კაცობრიობამ ისწავლა პანდემიებთან ბრძოლა, მაგრამ როცა მათთან ბრძოლა არ იცოდნენ, იგივე შიდსის პანდემიების დროს, მაშინაც, რაღაც დროის შემდეგ, ის მიდიოდა შენელებისკენ და ჩაცხრებოდა. ყველა ეს ვირუსი, გარდა ყვავილის ვირუსისა, რომელიც აღმოფხვრეს დიდი ძალისხმევით, მსოფლიო ვაქცინაციით, არც ერთი არსად გამქრალა, ყველა რჩება ბუნებაში. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ კორონავირუსიც მთლიანად გაქრება, არ არსებობს”, – აცხადებს ცერცვაძე.

იტვირთბა....