ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შვილი დამეღუპა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დღეს გლოვის დღეა. ჟურნალისტები აქ მართავენ შოუებს, პოლიტიკოსებს ვთხოვ, რომ არ მოვიდნენ მომავალ წელს…” – 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

2015 წლის 13 ივნისს, სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამამ, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტიმ დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის მიუღებელია ის, რაც მემორიალთან დღეს ხდებოდა. სასულიერო პირმა პოლიტიკოსებს სთხოვა მომავალ წელს, ისინი მემორიალთან არ მივიდნენ, რადგან ასე ჟურნალისტებიც აღარ მივლენ.

“13 ივნისი, ეს იყო შემზარავი დღე, არა მარტო ჩემი ოჯახის ცხოვრებაში, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მე შვილი დამეღუპა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დღეს გლოვის დღეა. ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან მოდიხართ ჟურნალისტები და მართავთ შოუებს. პოლიტიკოსები მოვიდნენ და თქვენც მოხვედით, რომ მათთვის სულ სხვა საკითხებზე დაგესვათ შეკითხვები. დასდევთ მიკროფონებით პრემიერს და მერს, შემდეგ ერთმანეთს სცემეთ. დღეს რაც აქ ხდებოდა, არის მიუღებელი და ჩანს, რომ ტრაგედია თქვენ არ გაინტერესებთ. პოლიტიკოსებს ვთხოვ, რომ არ მოვიდნენ მომავალ წელს ისინი და თუ აღარ მოვლენ, არც თქვენ მოხვალთ აქ, რადგან რეალურად თქვენ ისინი გაინტერესებთ.”

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან, სადაც გიორგი გახარიასთან ინტერვიუ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, პრემიერის მიერ ტერიტორიის დატოვების შემდეგ “იმედისა” და “პალიტრას” ჟურნალისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – კადრები “მაესტროს” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

იტვირთბა....