დე-ფაქტო აფხაზეთში საბიუჯეტო კრიზისია. მოსკოვიდან დაფინანსება უკვე 6 თვეა სოხუმს არ მიუღია და ე.წ. რესბუბლიკა კატასტროფის წინაშეა. სხვათაშორის ამ ინფორმაციას უკვე არ მალავს დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია. მისი თქმით, 2020-2022 წლებში რუსეთიდან დაგეგმილი ფინანსური რესურსი შესაძლო გადაიხედოს. თუმცა, ე.წ. პრეზიდენტი, რომელიც ახლახანს დაბრუნდა მოსკოვიდან, იმედს იტოვებს, რომ აფხაზეთისთვის განკუთვნილი თანხები არ შემცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ საუბარია 64 მილიონ აშშ დოლარზე, რაც რუსეთისთვის საკმაოდ მიზერული ფინანსური რესურსია, ფაქტია, რომ კრემლს, რუსეთში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო, სხვებისთვის არ ცხელა.
ამასობაში კი სოხუმის ე.წ. მთავრობა ღრმა კრიზისში შედის, რაც მოსახლეობაზე პირდაპირ ისახება. ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ვერ შეძლო იმ ამოცანების შესრულება რაც იყო დაგეგმილი. საკმაოდ რთული მდგომარეობაა საგზაო, წყლის მომარაგების, ელექტროგაყვანილობებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული გეგმების განხორციელების მიმართულებით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ვერ ხდება, რაც ყოველდღიურად აფხაზი ხალხის მოთმინების ფიალას ნელ-ნელა ავსებს. არადა, რუსეთიდან დაპირებული თანხები, რომელიც 6 თვეა არ მიუღია სოხუმს, ზუსტად ამ მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელებას უნდა მოხმარებოდა.
მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს კორონავირუსის პანდემია. რუსეთში ამ მხრივ კატასტროფული სიტუაციაა. ყოველდღიურად, რუსეთში ათასობით ადამიანი ინფიცირდება და კრემლს, რეალურად შექმნილი მდგომარეობის გაკონტროლება უჭირს. მთლიანი ფინანსური რესურსი ჯანდაცვის მიმართულებითაა გადასროლილი და აფხაზეთისთვის ნამდვილად არავის ცხელა. არადა, COVID 19-თან ბრძოლაში არც სოხუმშია დალაგებული სიტუაცია. ადგილობრივ ე.წ. მთავრობას არ აქვს არც ტექნიკური და არც ადამიანური რესურსი, რომ გაუმკლავდეს პანდემიას, არ ჰყავთ საკმარისი სამედიცინო პერსონალი და შესაბამისად მედიკამენტები.
ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს ე.წ. მთავრობაში გამეფებული კორუფცია, რაც კიდევ უფრო უფსკრულისკენ მიაქანებს თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკის საერთო მდგომარეობას. საბოლოოდ, კი ყველაფერი მიდის მოსახლეობის მოთმინების ფიალამდე, რომელიც, თუკი კრემლი ფულს არ გაიმეტებს, სულ მალე აივსება.