სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში “ნაციონალურ მოძრაობაზე” წერს. მისი აზრით, ნაციონალური მოძრაობა შეეგუა აზრს, რომ ქართული ოცნების დამარცხება მხოლოდ კოალიციური ხელისუფლების რეჟიმშია შესაძლებელი. როგორც კაჭკაჭიშვილი ამბობს, “ქართულ ოცნებას” მომავალ არჩევნებში გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება.
“ნაციონალური მოძრაობა 2019 წელს საბოლოოდ მიხვდა, რომ ის ძალაუფლებაში „ნატურალური“ სახით ვეღარასოდეს დაბრუნდება და განწირულია ოპოზიციაში ყოფნისთვის (თუნდაც „მთავარი ოპოზიციური ძალის“ სტატუსით). წარსული მძიმე შეცდომები (მიღწეული წარმატებების მიუხედავად), ელექტრორატში მისი ნდობის მასშტაბურ კვლავწარმოებას შეუძლებელს ხდის.
ამდენად, ნაცმოძრაობამ სტრატეგია შეცვალა და ამ ცვლილების ძირითადი მაჩვენებელი ისაა, რომ დათანხმდა მისი პოლიტიკური იმიჯის ერთგვარ „გაზავებას“ ისეთი პოლიტიკური ძალების/პერსონების მეშვეობით, რომლებიც ნაცმოძრაობასთან (როცა ის ხელისუფლებაში იყო) კოლაბორაციაში არ ყოფილან შემჩნეულები. ასეთ „გამზავებლებად“ საკმარისია დავასახელოთ რესპუბლიკური პარტია, ლეიბორისტები, გუბაზ სანიკიძე და სხვები. მეტიც: ნაცმოძრაობა აქტიურად ჩაერთო სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების ფორმატში და მნიშვნელოვანი კომპრომისების ინიციატორიც კი გახდა (ამის მაგალითია თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში მხოლოდ 2 მანდატზე პრეტენზია).
ანუ, ნაციონალური მოძრაობა შეეგუა აზრს, რომ ქართული ოცნების დამარცხება მხოლოდ კოალიციური ხელისუფლების რეჟიმშია შესაძლებელი (დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის უმრავლესობას ეს პოლიტიკური პერსპექტივა უკვე კარგა ხანია გააზრებული და მიღებული აქვს).
აქედან გამომდინარე, დღეს საუბარი ორპოლუსიანობაზე (ქართული ოცნება versus ნაციონალური მოძრაობა) უკვე შეუსაბამო ხდება და სულ უფრო მეტად იკვეთება ერთიანი ოპოზიციური ფრონტის კონტურები, სწორედ კოალიციური მთავრობის კონფიგურაციით.
ხელისუფლებების წინააღმდეგ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციები სულ იქმნებოდა, მაგრამ დღევანდელი ვითარების თავისებურება ისაა, რომ იქმნება არა ოპოზიციურ პარტიათა ბლოკი (რომელიც ხელოვნურობის შთაბეჭდილებას აუცილებლად დატოვებდა), არამედ ოპოზიციურ პარტიათა თანამშრომლობის ცალკეული „უბნები“, რომლებიც რიგ ოპოზიცურ პარტიებს ავტონომიურობის შენარჩუნების უფლებას აძლევს და „გაპიროვნებულ“ ამომრჩეველს არ აკარგვინებს.
თუ იმასაც გავითალისწინებთ, რომ ოპოზიციური ელექტორატის ჯამური მაჩვენებლები, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, აჭარბებს ქართული ოცნების ამომრჩეველთა წილს, ქართულ ოცნებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რბილად რომ ვთქვათ, როგორც არასდროს, ისე გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება”. – წერს კაჭკაჭიშვილი.