ავსტრალიურმა ანალიტიკურმა ცენტრმა – “ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი” (IEP) გამოაქვეყნა მსოფლიოში მშვიდობისმოყვარულთა ქვეყნების რეიტინგი. პირველ ხუთეულში მოხვდნენ ისლანდია, ახალი ზელანდია, პორტუგალია, ავსტრია და დანია. ბოლო ადგილზეა ავღანეთი, რომელსაც სირია და ერაყი უსწრებენ (იხილეთ სია ქვევით).
საქართველო სიაში 95-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან სიაში ყველაზე მაღლა ყაზახეთია, რომელსაც 70-ე ადგილი უჭირავს. თუმცა, ანალიზში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს, ყაზახეთშიც გაუარესდა სიტუაცია პოლიტიკური ტერორისა და ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. უკრაინა 148-ე ადგილზეა, ხოლო რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოს უსწრებს ბელორუსი, რომელიც 94-ე ადგილზეა თუმცა, თუკი ერთ-ერთი კრიტერიუმი ამა თუ იმ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაა, ბელორუსში ამ მხრივ, არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა.
რუსეთი სიის 154 საფეხურზეა. მას ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორებიცაა სუდანი, პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეაც კი. ანალიზში ვკითხულობთ, რომ რუსეთის სიის ბოლო ადგილებთან სიახლოვე პუტინის ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ განაპირობა, რომელმაც კონსტიტუციის შეცვლა გადაწყვიტა იმისათვის, რომ ქვეყნის სათავეში მინიმუმ 2036 წლამდე დარჩეს.
სიაში შეერთებულ შტატებს 121-ე ადილი უჭირავს. თუმცა, ავსტრალიელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გამოსწორდა, რაც ავღანეთსა და ერაყში სამხედრო კონტიგენტის შემცირებასთანაა დაკავშირებული.
მილიტარიზაციის კუთხით, რეიტინგის ავტორებმა რუსეთი ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად დაასახელეს, რომელსაც უსწრებს ისრაელი, ხოლო ჩრდილოეთ კორეა სიაში რუსეთის დაბლა იმყოფება.