დედოფლისწყაროში ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქვეწარმავლები მომრავლდნენ და ადგილობრივებს თავს ესხმიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, გველების მიერ ადგილობრივების დაკბენის ფაქტებიც ფიქსირდება და შესაბამისი უწყებიდან დახმარებას ითხოვენ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მარიეტა გონაშვილი ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტში ქვეწარმავლები მართლაც მომრავლდნენ, მათ შორისაა შხამიანი გველებიც.
„რას უკავშირდება, არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად მომრავლდნენ. დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი შხამიანი გველის ნაკბენი იყო და მოქალაქეს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. ჩვენთან ინახება სპეციალური შრატი, რაც შხამიანი გველისგან დაკბენის შემთხვევაში, საშუალებას მოგვცემს, ადამიანს დახმარება აღმოვუჩინოთ,”- განაცხადა მარიეტა გონაშვილმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში, შხამიანი ქვეწარმავლი – გიურზაც ფიქსირდება, რომელიც ზაფხულის სეზონზე აქტიურდება.