ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოქალაქეების 63% ფიქრობს, რომ საჯარო მოხელეები თანამდებობებს ბოროტად იყენებენ”- “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევა

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოქალაქეების 63% ფიქრობს, რომ საჯარო მოხელეები თანამდებობებს ბოროტად იყენებენ.

საზოგადოებრივი კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა.

როგორც ანგარიშში წერია, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საქართველოში გავრცელებულია კორუფციის გამოვლინებები.კერძოდ, გამოკიტხულთა 63% მიიჩნევს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზნებს, ის რესპონდენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი ქმედება გავრცელებულია, მიიჩნევენ, რომ მისი მიზანია ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების დასაქმება (92%), საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობა (90%), ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა (81%), სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება (60%).

გარდა ამისა, გამოკითხულთა 47% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

ცნობისთვის, კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია.

იტვირთბა....