ბელორუსში დააკავეს 13 ადამიანი, რომლებიც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატების, სვეტლანა ტიხანოვსკაიას და პაველ სევერინეცის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი ხელმოწერებს აგროვებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია “ვესნა” ავრცელებს.
დაკავებულთაგან 11 ქალაქ მინსკიდანაა, ხოლო 2 – გომელიდან. აღსანიშნავია, რომ ხელმოწერების შეგროვების ადგილზე ათასამდე მოქალაქემ მოიყარა თავი.
ცნობისათვის, 9 აგვისტოს ბელორუსში პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, სადაც კენჭს იყრის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო. ის უკვე მეექვსედ აპირებს გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი.