კორონავირუსთან დაკავშირებით აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა – ეს რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.
აღსანიშნავია, რომ მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან დამცავი ნიღბების გარეშე. ეკიპაჟის წევრებიც აღჭურვილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით, როგორიცაა ნიღაბი, სათვალე ან დამცავი ფარი, ხელთათმანი.
სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, უნდა მოხდეს უნიფორმის ყოველდღიურად შეცვალა და იქ, სადაც უნიფორმა არ იცვლება ყოველდღიურად, ალტერნატივად ერთჯერადი დამცავი ხალათებია შეთავაზებული.
„ადამიანთა თავშეყრის თავიდან არიდების მიზნით, უზრუნველყავით ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის მოწყობა; ტერმინალში უზრუნველყავით მხოლოდ მგზავრების, შშმ პირებისა და ბავშვების გამცილებლების/მომსახურე პერსონალის დაშვება ან უზრუნველყავით ტერმინალის გატიხვრა საერთო სერვისების (ბანკები, ბარგის შეფუთვა, ავიასალაროები, მაღაზიები, კაფეები და ა.შ.) და მგზავრთა მომსახურების ზონებად. მგზავრთა მომსახურების ზონებში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები და მომსახურე პერსონალი;
შესასვლელთან, უზრუნველყავით ვიდეოსკრინინგი ან/და თერმოსკრინინგი დაკალიბრებული ხელსაწყოს მეშვეობით, რათა სამუშაოს დაწყების წინ/გამგზავრების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების (37.5 გრადუსი და მეტი) დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს. რეგულარულად უზრუნველყავით პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებების გაკეთება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;
უზრუნველყავით ხშირად გამოყენებული ზედაპირების (ესკალატორის სახელურების, მოაჯირების, საბანკო ტერმინალების, ღილაკების და ა.შ) დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით ყოველ ორ საათში ერთხელ; მგზავრებს შორის (გარდა ოჯახის წევრებისა) უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანცია (არა უმცირეს 1.5 მეტრი), განსაკუთრებით, რეგისტრაციის, საავიაციო უშიშროების შემოწმების, საზღვრის კვეთის, თვითმფრინავში ჩასხდომის და მოცდის (მოსასვენებელი ადგილები) პროცესში;
მგზავრები/მომსახურე პერსონალი დაუშვით მხოლოდ დამცავი ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს ექვს წლამდე ბავშვი); მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვეთ კოლექტიური დაცვის საშუალებებით – დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი; მომსახურე პერსონალი აღჭურვეთ შესაბამისად ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით: ნიღაბი (ოთხსაათიანი ინტერვალით), სათვალე ან დამცავი ფარი და ხელთათმანი“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.