ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე პოლიციამ ცხრა პირი დააკავა.
დაკავება ბათუმი-სარფის მაგისტრალის ახალსოფლის მონაკვეთზე მოხდა, სადაც ლავასოღლის მხარდამჭერებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით განხორციელდა, რაც სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქციის მონაწილეები ლავასოღლის თურქეთიდან ექსტრადიციას ითხოვენ.
ლავასოღლი, იგივე მინდია გორაძე, რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნებოდა, 2018 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, თუმცა, ცოტა ხანში ხელახლა დააკავეს. იგი ამ დრომდე საქართველოსთვის არ გადმოუციათ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 28 თებერვალს გაუვიდა, ის 28 თებერვალს თურქეთის ციხიდან საემიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს, თუმცა იმავე დღეს ციხეში დააბრუნეს. ოჯახის წევრები მის საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ.