ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციის ჩატარებას სარფის საბაჟოსთან გეგმავენ.
ლავასოღლის ახლობლებმა აქცია აჭარის პროკურატურასთან დღესაც გამართეს და ისინი კვლავ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის საქართველოში ექსტრადაციას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებიდან რამდენიმე პირი შიმშილობს, ხოლო მოშიმშილეთაგან ოთხმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
ლავასოღლი, იგივე მინდია გორაძე, რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნებოდა, 2018 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, თუმცა, ცოტა ხანში ხელახლა დააკავეს. იგი ამ დრომდე საქართველოსთვის არ გადმოუციათ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 28 თებერვალს გაუვიდა, ის 28 თებერვალს თურქეთის ციხიდან საემიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს, თუმცა იმავე დღეს ციხეში დააბრუნეს. ოჯახის წევრები მის საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ.