ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის მიერიპოთეკური სესხის პროცენტის 4%-მდე სუბსიდირების პროგრამა რეალურად კორუფციული გგემაა, რადგან მასში მხოლოდ ის სამშენებლო კომპანიები არიან ჩართულნი, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული.
ამის შესახებ რომან გოცირიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
გოცირიძე აღნიშნავს, რომ ამ მიდგომით სამშენებლო კომპანიებს შორის კონურენცია კვდება.
“მთავრობა მოზიდული მილიარდებს ხარჯავს ათასი მიმართულებით, მათ შორის კორუფციული მიმართულებითაც. გუშინ სპეციალურად მივიდა ბანკში ჩვენი პარტიის წარმომადგენელი და შეამოწმა იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ იმ სამშენებლო კომპანიებთან შეიძლება სუბსიდირება , რომლებიც დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, კონკრეტულ დეპუტატებთან. ამით ფაქტობრივად კონკურენცია კვდება სამშენებლო ბიზნესში. ხართ უცხოეთიდან მოზიდული ფულის ასეთი ფლანგვის მომხრე?“, – ასე მიმართა გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს თავისი მთავარი ამოცანა, ფასების სტაბილურობა დაავიწყდა და პოლიტიკა შეარბილა.
„თქვენ უნდა ყოფილიყავით მთავრობის მოწინააღმდეგე, გადახვედით ეკონომიკის სტიმულირების იდეოლოგიაზე. მთავრობის ველში შეიჭერით, ფეხბურთელი რომ გადავიდეს და ჰოკეის თამაში დაიწყოს, ასე მოგივიდათ“, – აღნიშნა გოცირიძემ .
შეგახსენებთ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 2019 წლის ანგარიში წარადგინა.