“საბოლოო ჯამში მხოლოდ ერთი რასა არსებობს – კაცობრიობა.” – ჯორჯ მური
“შენ თუ არაფრად აგდებ ჩემს სიცოცხლეს, მე არაფრად ჩავაგდებ შენს სახელმწიფოს!..” – დაახლოებით ასე ჟღერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოსადმი მისი ერთი ნაწილის გაუხმოვანებელი და არც მთლად ამგვარად გააზრებული, მაგრამ მაინც “მიმართვა”, რომელიც თვლის, რომ ის კვლავაც რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლია და სახელმწიფოსაც მისთვის ყველა ხელმისაწვდომ უბანზე თავს ესხმის… ასეთი კი მსგავს შემთხვევებში და როგორც წესი ქუჩა და მასზე განლაგებული უძრავ-მოძრავი ქონება და ინფრასტრუქტურაა.
ის, რომ რეაქცია რბილად რომ ვთქვათ, მძაფრია და მსხვილმასშტაბიან ვანდალიზმშია გადაზრდილი, გასაკვირი არ არის… ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს!.. და აი რატომ…
სადღაც ორმოცდაათი წლის წინ, მაშინ როცა კაცობრიობას, ნაცისტური გერმანიის სახით, ფაშიზმისა და რასიზმის უმწვავესი გამოვლინება თითქოს უკვე დამარცხებული ჰყავდა, ამერიკის შეერთებული შტატები მის შავკანიან მოსახლეობას ჯერ კიდევ მეორეხარისხოვან ადამიანებად თვლიდა… ცოტა უფრო შორს თუ გადავიხედებით, მათ ადამიანებადაც კი არ თვლიდა და ადგილს სადღაც პირუტყვსა და ადამიანს შორის უჩენდა. ამ მძიმე პერიოდების ხმა და ექო ჯერ კიდევ გაისმის და მძაფრადაც აღიქმება მათთვის, ვის არც ისე შორეულ წინაპრებსაც ეს ყველაფერი უშუალოდ ეხებოდა.
ამ ადამიანებისადმი დამამცირებელი დამოკიდებულება მარტო შეერთებული შტატების პრობლემა რა თქმა უნდა არ არის!.. მიუხედავად იმისა, რომ დაღი (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) ამ ხალხს თავდაპირველად ამერიკის ორივე კონტინენტზე პირველმა კოლონიზატორებმა დაასვეს, ის თითქმის მთელმა მსოფლიომ ერთგვარ ნორმად აიტაცა და დანარჩენი მსოფლიოსგან ყველა ფორმით იზოლირებულ საბჭოთა საქართველოშიც კი “ზანგი” და, რავიცი, დავუშვათ სპილო, ან ჟირაფი, თავისი ეგზოტიკურობით ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ამას ასე შავკანიანი ადამიანის ქართველის თვალსაწიერში იშვიათი მოხვედრა უფრო მეტად განაპირობებდა, ვიდრე მისი მისდამი იგივე რასისტული დამოკიდებულება, ის მაინც “ზანგი” უფრო იყო, ვიდრე ადამიანი.
მოკლედ, ყველა ერთხმად ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანის ისტორიულ წაბორძიკებათა რიგში რასობრივი დისკრიმინაცია პირველ ადგილზე დგას და გვინდა თუ არა, ხშირად ჩვენ და უნებურადაც კი, ამ თავის დროზე მძიმე ხვედრგამოვლილი ადამიანების შთამომავლების წინაშე თავს თითქოს დამნაშავეებადაც კი ვგრძნობთ… მათ წინაშე ერთგვარ შთამომავლობით პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ეს რასაკვირველია ნორმალურია და გარკვეულწილად ასეც უნდა იყოს, ოღონდ… ეს ასე მხოლოდ იმ ფარგლებსა და ჩარჩოებში უნდა იყოს, სადაც: ” – მე, თეთრკანიანი ადამიანი კი არ ვარ დამნაშავე შენს, შავკანიანი ადამიანის წინაშე… დამნაშავეა ზოგადად ადამიანი, რომელიც განვითარების კიბეზე ამგვარი უსწორმასწორო ნაბიჯებით მიიწევს. მინდა სინანული გამოვთქვა იმის გამო, რომ მე თავის დროზე ამ უსწორმასწორობის შემოქმედი გახლდი, შენ კი მსხვერპლი და ამას, ამა თუ იმ ფორმითა და მასშტაბით, დღემდე გრძნობ და საკუთარ თავზე ცდი. დღესაც არსებობენ ადამიანები, რომელთა თავებში ჯერ კიდევ ცოცხალი და აქტუალურია შენი “მეორეხარისხოვნება” და შენ თუ შეგიძლია გაიგო ის, რომ სინამდვილეში ზუსტად მათი შენდამი ასეთი დამოკიდებულებაა დაბალხარისხოვნების უმთავრესი მაჩვენებელი, მაშინ არ დაგჭირდება იმის ძალით მტკიცება, რაც ადამიანთა დიდი უმრავლესობისთვის დღეს უკვე ისედაც ნათელია”.
შავკანიანთა მიმართ რასისტული ტიპის დამოკიდებულება, ისევე როგორც ზოგადად რასიზმი, გლობალიზაციის პროცესების აჩქარებასთან ერთად ბუნებრივად კლებულობს და იგივე შეერთებული შტატების შემთხვევაში, სადაც კოლონიზაციის მსხვილმასშტაბიან გადაადგილებებს მსოფლიოში ადგილი ყველაზე ბოლოს ჰქონდა, ის ასეთი მძაფრი ფორმით მართალია სულ უფრო და უფრო იშვიათად (ბოლოს და ბოლოს სულ ახლახანს ქვეყნის პირველი პირი შავკანიანი იყო), მაგრამ მაინც გვხვდება და სახელმწიფოს წარმომადგენელი, მისი მოქალაქეების უფლებების უშუალო დამცველი, ამას, თუ შეიძლება ასე ითქვას – კანით უნდა გრძნობდეს!.. ამდენად იმ მდგომარეობაში, როცა ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებში მსგავს ბრუტალურ თავდასხმას არა ვიღაცა “კუკლუკსკლანი”, არამედ სახელმწიფო ახორციელებს (განზრახვის პროფილს, მათ შორის შესაძლო რასისტულს, აქ მნიშვნელობა აღარ აქვს) და იმის ნაცვლად, რომ ქუჩის თავდაპირველი და სპონტანური აღელვებებიც სინანულის გამოხატვით და ყველა შესაძლო სხვა ხერხებით შეასუსტოს და საბოლოოდ განმუხტოს, ვითარების კიდევ უფრო მეტად დაძაბვას უწყობს ხელს და ამას, არც მეტი და არც ნაკლები, თავისი პირველი პირის მეშვეობით აკეთებს… ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, იმის ნაცვლად, რომ სიტუაციის დეესკალაციას შეუწყოს ხელი და ამისთვის მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს, იღებს და ცეცხლს, რომელიც რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო, ნავთს ამატებს და ხანძრად აქცევს!..
ის, რაც დღეს შეერთებული შტატების ქალაქებში ხდება, გამოიწვია ერთი აროგანტი, უკიდურესად ამპარტავანი ადამიანის იმ საგნისადმი უცოდინარმა დამოკიდებულებამ, რომელშიც ის ეშმაკის რაღაცა გაურკვეველი მანქანების წყალობით პირველად და იმედია უკანასკნელად აღმოჩნდა და იმედია ამერიკელი ხალხიც მსგავს გაუგებრობას თეთრ სახლში აღარ შეუშვებს-დაუშვებს… იმედია ამერიკელებისთვის ეს ქვეყნის სოციალური ქსელიდან მართვის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იქნება!..
მანამდე კი, ვიდრე პრეზიდენტი თავისი გაჯეტიდან ტანკებითა და ავიაციით იმუქრება, მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს იმას, თუ როგორ ცდილობს პოლიცია საკუთარი ხერხებით განმუხტოს უკიდურესად დაძაბული ვითარება და ასეთ შემთხვევებში ყველაზე ადამიანურ და ყველასთვის გასაგებ მეთოდს მიმართავს – იხდის ბოდიშს, გამოხატავს სინანულს და იმავდროულად ცდილობს აღკვეთოს ქვეყნის ქუჩებში განხორციელებული ის ვანდალური თავდასხმები, რომელთა სულისჩამდგმელადაც სახელმწიფოს მეთაური მოგვევლინა… სახელმწიფოს მეთაური, რომელიც სოცქსელიდან, როგორც ერთგვარი რანჩოდან, მონების გამათრახებით იმუქრება!.. იმას ვერ ათვითცნობიერებს რა, რომ მისი ყოველი სიტყვა (რაც არ უნდა დამამცირებლად ჟღერდეს ეს სიტყვისთვის) ესკალაციისთვის დამატებითი მუხტის მიცემას ემსახურება და იმედია ჰიუსტონის პოლიციის შეფის მსგავსად “მოკეტვისკენ” მას სხვა დიდი ქალაქებიდანაც მოუწოდებენ.
…და ბოლოს, ადამიანმა რასაკვირველია უნდა განაგრძოს განვითარების გზაზე დაშვებული შეცდომების კრიტიკული თვალით განხილვა და მათი შეფასება… მათი ყოველდღიური შესწავლა უნდა განაგრძოს და მომავლისთვის საგნების ხედვის ის გამართული უნარები თესოს, რომლებიც კარგს ცუდისგან, სამართლიანს უსამართლოსგან ანსხვავებს და ერთმანეთისგან მიჯნავს. ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, ზურგიდან იმ ტვირთის ჩამოხსნაა საჭირო, რომელმაც ტვირთის სახე და მნიშვნელობა უნდა დაკარგოს და ის გაკვეთილის სახით და მნიშვნელობით ჩაანაცვლოს.
კაცობრიობის ერთმა ნაწილმა უნდა დაასრულოს მისივე მეორე ნაწილის უწყვეტი დადანაშაულება!.. ისევე როგორც მეორემ უნდა დაასრულონ წინაპართა მიერ დაშვებული შეცდომების გამო მუდმივი თვითგვემა!..
ბავშვური სისასტიკე ზრდასრული ადამიანების დაპირისპირების საგნად არ უნდა რჩებოდეს!.. და თუ მაინც რჩება, მაშინ ზრდასრულობაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.
P.S. “შავკანიანი“ ბევრისთვის ერთგვარი უარყოფითი დატვირთვის მატარებელი სიტყვაა, რაც ჩემი აზრით არ არის სწორი. “ფერადკანიანი“ მიაჩნია ბევრს რატომღაც იმ მართებულ სიტყვად, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ უფერული არცერთი ადამიანი არ ვართ და უკლებლივ ყველა ფერადკანიანები ვართ, ამ გარეგნობის მქონე ადამიანთა ასაღწერად ისევე მართებულია სიტყვა “შავკანიანის“ გამოყენება, როგორც მავანი სკანდინავიელის ასაღწერად “თეთრკანიანის“.
ვასო შონია