დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, მარიეტა გონაშვილის განცხადებით, კახეთში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
„ეს პიროვნება არის ტრაილერის მძღოლი, ჩვენი მკვიდრია, ცხოვრობს ქალაქ დედოფლისწყაროში. მოსკოვში იყო და მოსკოვიდან მოდიოდა. 22-ში არის საქართველოში ჩამოსული. გზად რომ მოდიოდა, ჩვენი რაიონის სოფელ ოზაანის მცხოვრები წამოიყვანა, რომელიც ასევე იყო მოსკოვში. როდესაც გადმოკვეთეს საზღვარი, მგზავრი ჩამოსვეს, კარანტინში გადაიყვანეს, გაუკეთეს სწრაფი ტესტი და აღმოჩნდა დადებითი. შემდეგ ჩაუტარდა მეორე ანალიზი უკვე „პისიარ“-ზე. იქაც დაუდასტურდა კორონავირუსი ოზაანელ პირს. ტრაილერის მძღოლმა არ იცოდა, რომ ოზაანელს დაუდასტურდა კორონავირუსი, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში“, – განაცხადა მარიეტა გონაშვილმა.
არსებული ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლის ყველა კონტაქტი ცნობილია და ანალიზები გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია.
„ჩვენ 29-ში დილით მივიღეთ ახალი რეგულირება. ის ტრაილერის მძღოლები, რომლებიც გადმოკვეთენ საზღვარს და ჩამოვლენ, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ავუღოთ ცხვირ-ხახის ანალიზი და გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად. ასეც მოვიქეცით.
აღნიშნული პირი 22-ში იყო ჩამოსული, იმყოფებოდა იზოლაციაშიც, 29-ში გავუკეთეთ ანალიზი, 30-ში დილას თბილისში ჩაიტანეს და დღეს დილას დაიდო ანალიზი, რომ მას ჰქონდა კორონავირუსი. ჩვენ გამოვიძახეთ საგანგებო და გადავყვანილი იქნა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ეს პიროვნება. ტრაილერის მძღოლს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მეუღლეს და კონტაქტში მყოფ ადამიანებს, ასეთი არის 10 პიროვნება, მათ შორის არის სასწრაფო დახმარების ექიმებიც ავუღეთ ანალიზი. მის მეუღლეს დაეწყო კენჭის გავლა და გამოიძახა სასწრაფო.
ვინც იყო სასწრაფო მისული იმ ჯგუფის ყველა წევრს დღეს ავუღეთ ანალიზები, ანალიზი გაგზავნილია და ხვალ დილას გვექნება პასუხი“, – განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, მარიეტა გონაშვილმა.