ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „დიდი შვიდეულის“ სამიტი შემოდგომამდე გადადო და მასზე ოთხი ქვეყნის – რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის მიწვევის სურვილი გამოთქვა – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
„სამიტი გადაიდო, ვინაიდან მე არ ვგრძნობ, რომ „დიდი შვიდეული“ სწორად აფასებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. სამიტის ეს ფორმატი მოძველდა“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ წლევანდელი სამიტი ივნისში, აშშ-ში უნდა გამართულიყო. პანდემიის გამო შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შემდეგ თეთრმა სახლმა ივნისის ბოლოს სამიტის აშშ-ში ჩატარების სურვილი გამოთქვა.