პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის განკუთვნილი დახმარება საკმარისზე მცირეა, ამიტომ ამ თემაზე საუბარი მისთვის მძიმეც კია.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
გახარიას თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან ყველა ნაბიჯი გადადგა, რომ სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო.
“ჩემთვის ეს საკმარისად მძიმეა ამ თემებზე საუბარი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის საკმარისზე ნაკლები. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ყოველი ამ ციფრის უკან დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური, მძიმე ცხოვრება. მაგრამ, ჩვენ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით ყველა ნაბიჯი, რომ ქცეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო. სიღარიბის კონტექსში ელემენტარული დინამიკა მაინც შეგვექმნა, რომ პროგრესი ყოფილიყო,”- აცხადებს გიორგი გახარია.
გახარიამ ჯანდაცვის სისტემაში გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით გადადგმული პროგრესული ნაბიჯები დღეს დავიწყებულია.
“ყველას გვახსოვს, რომ ადრე შვილისთვის ოპერაცია რომ გაეკეთებინათ, სახლს ყიდდნენ. დღეს როგორაა ჯანდაცვის სისტემა, კარგად ვიცით,”- აქცხადებს გახარია.
პარლამენტში დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.