გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის, გლდანის III მიკრორაიონის შესახვევიდან V-VII მიკრორაიონების შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 10 000 კვ.მ ფართობზე მოდიფიცირებული ასფალტის ზედა ფენა იგება.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის განცხადებით, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია 15 ივნისისთვის დასრულდება.
„გლდანის რაიონის ორი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, დასასრულს უახლოვდება. ამჟამად მიმდინარეობს ზედა ფენების მოწყობის სამუშაოები გზის კონკრეტულ მონაკვეთზე. 15 ივნისისთვის ორივე ცენტრალური ქუჩა დასრულებული იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იმ თვალსაზრისითაც, რომ მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები აქ მთლიანად შეიცვალა. ახლა კი აქ იგება სპეციალური, მოდიფიცირებული ასფალტი, რომელიც ჩვენ გასულ წელს ბარათაშვილის აღმართზე გამოვიყენეთ. ჭავჭავაძის გამზირზე დავიწყეთ ამ კონკრეტული მოდიფიცირებული ასფალტით გზის მოწყობა და ამავე მაღალი ხარისხის ასფალტს ვაგებთ ახლა გლდანშიც. გარდა ამისა, ორკილომეტრიან მონაკვეთში მოეწყო ბეტონის ფერდდამჭერი ჯებირები, გაგანიერდა ტროტუარები. იყო კონკრეტული ადგილები, სადაც ფეხით მოსიარულეთათვის შეუძლებელი იყო გადაადგილება ტროტუარის სიმცირის გამო და ეს ყველაფერი იქნა გათვალისწინებული ამ პროექტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, ტროტუარებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება და ველობილიკების მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა ხდება. ორივე ქუჩაზე ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები და ახალი მოსაცდელები.
აღნიშნული ორი ქუჩა ცენტრალური დანიშნულებისაა, რომლის საშუალებითაც, გლდანის რაიონის რვა მიკრორაიონის მცხოვრებლები ქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და შიდა საუბნო გზებს უკავშირდებიან. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზებულ სანიაღვრე ქსელს და ტროტუარებს. მოეწყო საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, გარე განათების ქსელი და საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 955 554 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება, კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს.
ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი.