ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, ჩოგბურთელის საქმეზე შესაძლოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს.
„ჯერ ამაზე საუბარი არ მსურს, თუმცა ნამდვილად განიხილება მისი დაკითხვის საკითხი. ზუსტ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინი, ვისთვისაც გარკვეული ფაქტებია ცნობილი. მაგალითად, ამერიკის ღია პირველობაზე, როდესაც ქალბატონი ნეკა ჩავიდა და გარკვეული ინციდენტი მოხდა. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. სხვა ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპისთვის”, -განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატის ინფორმაციით, ნოვაკ ჯოკოვიჩი ნიკოლოზ ბასილაშვილს ესაუბრა და სერბმა ჩოგბურთელმა ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.